მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კონსტრუქციულია, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ვფიქრობ, სამართლიანია მათი როგორც კონსტრუქციულის დახასიათება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებისთვის კიდევ ერთი საფუძველი არსებობს, რომელსაც შეიძლება მეტი მძევლის გათავისუფლების, მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანისა და ძალადობის დონის შემცირების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ბოლო დღეებში მოლაპარაკებების სერია შედგა, რომლებშიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი მონაწილეობდა.
კვირას, ბერნსი ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს „მოსადის“ ხელმძღვანელს, კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს შეხვდა.
ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის წარმომადგენლებთან დისკუსიები სასარგებლო იყო, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.