ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებას უჭერს მხარს. მისი თქმით, ამასობაში უნდა მოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი, რომელიც შესაძლებელს გახდის ძალადობის ციკლის დარღვევას ერთხელ და სამუდამოდ.
„ჩვენთვის სრულიად გასაგებია ტრავმა და რისხვა, რომელმაც კიდევ ერთხელ მოიცვა რეგიონი. მე ამას ვგრძნობდი ჩემი ვიზიტისას ისრაელში, პალესტინაში, იორდანიაში. არაფერს შეუძლია გაამართლოს „ჰამასის“ დისკრიმინაციული სისასტიკე, რომელიც 7 ოქტომბერს ვიხილეთ, მაგრამ ერთი საშინელება ვერ გაამართლებს მეორე საშინელებას. საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი მოქმედებს ყველაზე, ყველა დროს და გამონაკლისების გარეშე. ახლა ჩვენს გვაქვს 4- დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სამოქალაქო მძევლების გათავისუფლების პროცესი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია. ჩვენ მივესალმებით კატარის როლს ამ შეთანხმების მიღწევაში, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი, რათა აღმოიფხვრას არსებული ვითარება ღაზაში და მოიძებნოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა გაგრძელდეს, რათა ის გახდეს უფრო ხანგრძლივი, მდგრადი, ამასობაში კი უნდა მოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი.
პოლიტიკურმა გადაწყვეტამ უნდა მოგვცეს საშუალება, დავარღვიოთ ძალადობის ეს ციკლი ერთხელ და სამუდამოდ. რაც უფრო დიდხანს ვაძლევთ ექსტრემისტებს უფლებას, განსაზღვრონ დღის წესრიგი, მეტი ექსტრემიზმი გავრცელდება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ეს გავლენას მოახდენს ჩვენზე ევროპაშიც“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.