ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოს ეწვევა

“აგენტების კანონის” მესამე მოსმენით განხილვის ფონზე -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოს ეწვევა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, იგი თბილისში ორშაბათს, 13 მაისს, ღამით ჩამოვა. ო'ბრაიენი შეხვედრებს სამშაბათს გამართავს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში “აგენტების კანონის” მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.
მანამდე, ო ‘ბრაიენი “ამერიკის ხმას” ესაუბრა საქართველოში განვითარებულ პროცესებზე. მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრება შეუძლებელი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს “რუსეთზე დაფუძნებული კანონების” მიღება.
“თუ ეს ასე მოხდა, ჩვენთვის [ვითარება] ნათელი იქნება. და თუ მთავრობა იტყვის, – არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ…”, – თქვა მან.
2 დღით ადრე, ო'ბრაიენი „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ესაუბრა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
ამერიკელმა პარტნიორებმა რამდენჯერმე გამოხატეს შეშფოთება „აგენტების კანონის“ პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მწვავე განცხადება გაავრცელა აშშ-ის სენატმა: ორპარტიულმა ჯგუფმა, 14-მა სენატორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომ თუკი ხელახლა ინიციირებული „უცხოური აგენტების კანონპროექტი“ კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
2 მაისს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს.
„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, – აღნიშნა მან.
საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. მათ შორის არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ვიზის გარეშე მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაძლო სანქციების დაწესება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანას დასავლეთისკენ სვლაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს