“რაკი მათი გმირობა მხოლოდ ამბად გაგვიგია, ასე გვგონია, უჩვეულონი და განსაკუთრებულნი იყვნენ, შუბლზე გამორჩეულობის ბეჭედი ესვათ და სიცოცხლე არად უჩნდათ.
ტყუილია. ეს ყველაფერი ჩვენივ მოგონილია. სინამდვილეში ჩვენებრ უბრალო ხალხი იყვნენ. ჩვენსავით სიცოცხლე ერჩივნათ სიკვდილს, ჩვენსავით ეშინოდათ ტკივილისა და ზოგჯერ ჩვენსავით ჭოჭმანობდნენ, მაგრამ რა ექნათ: საქართველოში დაიბადნენ და სხვა გზა არ ჰქონდათ.
მადლი უფალს, კაცი თვითონ არ ირჩევს სამშობლოს და თვითონ არ წყვეტს, თუ სად დაიბადოს, თორემ ქართლი აქამდე უდაბური და უკაცრიელი გახდებოდა. ვინ მოიწადინებდა ამგვარ სატანჯველში გაჩენას! ვისაც უკეთესი ბედი აქვს ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავისი ზურგით უნდა ზიდოს.” – ჯემალ ქარჩხაძე, „ზებულონი“.
1936 წლის 13 მაისს ქართველი მწერალი ჯემალ ქარჩხაძე დაიბადა.