ყოველდღიურად მოსახლეობასთან შეხვედრისას ვრწმუნდებით, რომ მოსახლეობა დაიღალა “ქართული ოცნების” რეჟიმის მიერ მოტანილი სიღარიბით და სურს ცვლილებები, რომელიც დადგება 26 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯეიჰუნ მუჰამედალიმ განაცხადა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ლიდერები თელავის რაიონში, სოფელ ყარაჯალაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ დადიან და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას აცნობენ.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით დავდივართ კარდაკარის ფარგლებში, ვხვდებით მოსახლეობას და ერთი რამ ძალიან ნათლად ჩანს, რომ მოსახლეობა დაიღალა “ქართული ოცნების” რეჟიმით, ამ რეჟიმის მიერ მოტანილი სიღარიბით, კრიმინალით, ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინებით, დასაქმების კუთხით არსებული პრობლემებით და მოსახლეობა ითხოვს შველას, ეს ყველაფერი კი მოხდება მაშინ, თუ 26 ოქტომბერს მოსახლეობა მივა არჩევნებზე და გააკეთებს სწორ არჩევანს.
„ქართული ოცნება“ და მისი რუსული რეჟიმი აუცილებლად უნდა გავისტუმროთ 26 ოქტომბერს და სხვანაირად შეუძლებელია. აუცილებლად გავისტუმრებთ და ქვეყანა თავის ევროპულ მომავალს დაუბრუნდება.”, – განაცხადა მუჰამედალიმ.
