ჯეიმს ო’ბრაინი შეზღუდვების დაწესებაზე – ეს იძულება არაა, იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ – გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ

არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება? არა! – იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაინმა “ამერიკის ხმას” განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რა მიზანი აქვს ამერიკას, როდესაც შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს? არის თუ არა ეს მართლაც არამეგობრული საქციელი?“.

ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა „კლუბში“ გაწევრიანების მცდელობასთან.

„რაც შეეხება იმას, არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება. არა! მარტივია, თუ ამბობ, რომ ფეხბურთის მატჩში გინდა მონაწილეობის მიღება, არ შეიძლება თქვა, რომ შენ 15 მოთამაშით იქნები წარმოდგენილი და მეორე მხარემ 7 მოთამაშით უნდა იასპარეზოს, ან რომ დამატებითი ბურთით ითამაშებ. იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ. საქმე იმაშია, რომ [საქართველოს მთავრობის მიერ] განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა, როგორც გაწევრიანების მცდელობასთან, ისე რეალურად გაწევრიანებასთან”, – აცხადებს ო'ბრაიანი.

შეკითხვაზე, მოხვდება თუ არა „ქართული ოცნების” დამფუძნებელი,  სამოგზაურო შეზღუდვების მქონე პირთა სიაში, ამერიკელ დიპლომატს არ უპასუხია, თუმცა, მან განაცხადა, რომ სანქცირებულ პირთა სია არ გამოქვეყნდება.

„რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, [ამერიკის სახელმწიფო] მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელების სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონიერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს”, – განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიანმა.