ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის პრაპარატ “ჯივინოსტატს” შეიძენს

ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს. მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია იტალფარმაკოსთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სამინისტრომ პრეპარატი მართული შესვლის შეთანხმების (MEA) მექანიზმით შეიძინა და მისი მოწოდება საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.
მედიკამენტი განკუთვნილია გადაადგილების უნარის მქონე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან.
ჯივინოსტატი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი მედიკამენტია, რომლის თაობაზეც, დასაწყისიდანვე, სამინისტრო იმედიანად იყო განწყობილი, როგორც ეს არაერთხელ აღინიშნა.
ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია იტალფარმაკოსთან მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში წარმართა და შეთანხმებას მოკლე ვადაში მიაღწია. სამინისტრო აფასებს კომპანია იტალფარმაკოს ოპერატიულობასა და თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, რამაც შეთანხმების დროულად გაფორმება შესაძლებელი გახადა.
იტალფარმაკოს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობამ და პრეპარატის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართ გამოჩენილმა მზაობამ დაადასტურა, რომ პაციენტების, სახელმწიფოსა და ინდუსტრიის ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას უწყობს ხელს.
„გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში ჯივინოსტატის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ ჯივინოსტატი საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს შეთანხმება პარტნიორობის ძალას ნათლად აჩვენებს. როდესაც პაციენტები, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან, შეუძლებელი არაფერია და სწორედ პაციენტი ხდება ყველა ძალისხმევის მთავარი ცენტრი. ამ თანამშრომლობით ნამდვილად ვამაყობ და საქართველოს მთავრობასთან და პაციენტთა საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ეს შესაძლებლობა ყველა პაციენტამდე მივიდეს“ – განაცხადა იტალფარმაკო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანჩესკო დი მარკომ.
ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერებაზე. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის გაფართოებულია სამედიცინო მომსახურების პაკეტი, რომელიც მოიცავს მულტიდისციპლინურ მეთვალყურეობას, სპეციალისტების კონსულტაციებს, დაავადების მართვისთვის აუცილებელ კლინიკურ-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს და სხვა საჭირო სერვისებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც