ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე დაშავებული 8 პირი ჰოსპიტალიზებულია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი გაწერილია კლინიკიდან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე — ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები.
„ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ“, — აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა.
„ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის, ერთ სამართალდამცავს. მათ ძირითადად აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და თვალების წვა. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ყველა მოქალაქისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას. სასწრაფო დახმარების სათადარიგო ბრიგადები დამატებით მობილიზებულია, ასევე, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის დაწყების დროიდან“, — ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
პარლამენტის შენობასთან, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. აქციის მონაწილეები ნაწილი ამბობს, რომ რეზინის ტყვიებიც მოხვდათ. მათ შორისაა, „გირჩი — მეტი თავისუფლების“ წევრი . საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენება 22:00 საათზე დაიწყო. რეზინის ტყვიების გამოყენებას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ