“ჯანდაცვის მინისტრმა ალბათ კარგად იცის, რომ კომუნიკაცია სექტორთან დღესაც პრობლემად რჩება”- ექსპერტი

რეფერენტული ფასის დათვლის ფორმულის გადახედვაზე საუბარი არ არის – ამის შესახებ BM.GE-თან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, არადა ბიზნესი შესაბამისი ფასწარმოქმნის ამოქმედების შემდეგ ამ მიმართულებით ცვლილებებს ითხოვს, რადგან პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ არსებული მეთოდოლოგიით შედგენილი ფასების გამო, ბაზარზე კონკრეტული მედიკამენტების დეფიციტი წარმოიქმნა და მიწოდების ჯაჭვები დაირღვა.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მოქმედს სექტორთან ხშირ კომუნიკაციას ურჩევს. სანდრო ურუშაძე ამბობს, რომ რეფერენტულ ფასებთან მიმართებით ყველანაირი გადაწყვეტილება დარგთან შეთანხმებული უნდა იყოს და ცვლილებებზე მოსარგებად ბიზნესს ლოგიკური დრო უნდა მიეცეს.
“არსებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა არის სახელმწიფოს, პაციენტების ჯგუფებსა და მედიკამენტების მიმწოდებლებს შორის იყოს მუდმივი და მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული უნდა იყოს წინასწარ ცნობილი, წინასწარ შეთანხმებული და უნდა არსებობდეს გონივრული ვადა განსაზღვრული ნებისმიერი გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის. ეს აუცილებელია და ამას ჰქვია კარგი მმართველობის პირობები ჯანდაცვის სექტორში, როდესაც გამჭვირვალობა არის აუცილებელი ყველა იმ კარგი და პოზიტიური ინიციატივისთვის, რაც შეიძლება მოდიოდეს სამინისტროდან.
მინისტრმა თვითონ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი ნაკლი სამინისტროსი იყო კომუნიკაციის ნაკლებობა. ალბათ მინისტრმაც კარგად იცის, რომ კომუნიკაცია დღესაც პრობლემად რჩება მათ შორის სამედიცინო სერვისის პროვაიდერებთან და ფარმაცევტულ სექტორთან, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ხარისხიანი და საჭირო მედიკამენტების მომარაგებაში. ამიტომ პირველ რიგში, ეს კომუნიკაცია უნდა გადაიზარდოს თანამშრომლობაში და კონკრეტულ გადაწყვეტილებებში”, – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სანდრო ურუშაძე.