ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს დაიწყება პროგრამა, რომელიც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეების მკურნალობას დააფინანსებს

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მომავალ წელს დაიწყება პროგრამა, რომელიც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეების მკურნალობას მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფინანსებს.
როგორც სარჯველაძემ განმარტა, უწყება გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებს შეისყიდის.
„ეს იქნება ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში გააქტიურდება, ამაზე მუშაობა დაწყებულია. ჩვენ უბრალოდ მოგვიწევს გარკვეული შესყიდვების განხორციელება მედიკამენტისთვის, რომელიც ესაჭიროებათ ხალხს, ვისაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი აქვთ დასმული. შესაბამისად, ეს პროგრამა მათთვის ამუშავდება. ამის თაობაზე პაციენტებთანაც გვქონდა დისკუსია და მსჯელობა. არსებობს რამდენიმე მოდელი, რომელთა დაკავშირებითაც ყველაფერზე გადაწყვეტილება მიღებულია და უახლოესი პერიოდის განმავლობაში, უკვე გაისად ეს პროგრამა რეალურად დაიწყებს ფუნქციონირებას. ამაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ვვარაუდობ, რომ ფუნქციონირებას დაიწყებს არაუგვიანეს მომდევნო წლის თებერვლის დასრულებამდე. რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს ამ ვადამდე“, – განაცხადა სარჯველაძემ.