ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სექტორში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, 7.8 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა კვარტალების მაჩვენებლებს. კერძოდ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0.9 მილიონი იყო, პირველში კი – 3.6 მილიონი.
მესამე კვარტლის წინასწარ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, 2022 წელს ჯამში ამ სექტორში 3.1 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა, 2021-ში კი – 26.3 მილიონი.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში ჩადებული ინვესტიციების წილი 2,5% იყო.
ქვეყნის მასშტაბით კი, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.5 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია. საქსტატი აღნიშნავს, რომ შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.
jandacva.ge