თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთად დაკავებული სამი ბრალდებული, კიდევ ორს კი კვლავ დაუსწრებლად დაუტოვეს პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე.
ეს გადაწყვეტილება ვრცელდება ძმებზე, გიორგი და დავით მიქაძეებზე, – რომელთაგან უკანასკნელიც საზღვარგარეთ მიმალვაშია.
დავით მიქაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 14 აგვისტოდან – ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯიდან – „არაფერი შეცვლილა“:
„არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, – და არ დამატებულა, – რაც დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას გამოავლენდა“, – განაცხადა მან.
ბრალდებულების ნაწილმა შეთავაზებული გირაოს თანხა 50 000-დან 100 000 ლარამდე გაზარდა, თუმცა მოსამართლემ გირაოს შეფარდებაზე კვლავ უარი თქვა.
პროკურატურამ, ტრადიციულად, მათი პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ისინი დაკავებულნი არიან „კომპლექსური დანაშაულის“ გამო და „უამრავი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი“.
მისი თქმით, კვლავ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან:
· „ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე;
· მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და
· მიმალვის საფრთხე“.
დღევანდელ სხდომას მხოლოდ ორი ბრალდებული ესწრებოდა: გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძე. გიორგი მიქაძე საპატიმროდან არ მოუყვანიათ.
მოსამართლის თქმით, სასამართლომ პენიტენციური სამსახურისგან (მე-6 დაწესებულების უფროსისგან) მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც, მიქაძემ სასამართლოში გამოცხადებაზე უარი თქვა, თუმცა მოტივი არ დაუსახელებია, ასევე, ოქმისათვის ხელი არ მოუწერია.
პირველი პროცესი 14 აგვისტოს გაიმართა და ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდეს.
იმავე სხდომაზე დაინიშნა წინასასამართლო სხდომა – 2025 წლის 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე.
თუმცა დღეს გაირკვა, რომ ლევან ვეფხვაძემ მოითხოვა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება 60 დღის ვადით, რაც მოსამართლემ 29 სექტემბრის განჩინებით დააკმაყოფილა.
შესაბამისად, წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.
ორიოდე დღის წინ, მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დავით (დათუნა) მიქაძემ, მასზე ძებნის გამოცხადების შემდეგ პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა და მკვლელობასთან კავშირი უარყო.
ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სატელევიზიო ინტერვიუში, – რომელიც 28 სექტემბერს გავიდა ეთერში, – დავით მიქაძემ განაცხადა:
„ბრალი არის აბსურდული. ლევან ჯანგველაძესთან არანაირი ბიზნესი არ მქონია საერთოდ. არც საერთო ინტერესები და არც დაპირისპირება. რომ გაეცნობით [საქმეს], ნახავთ, რომ ამ მოტივით არის ბრალში მითითებული, თუ რატომ „დავაორგანიზეთ“ ეს თემა. კატეგორიულად უარვყოფ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ბრალი აგებულია ცილისწამებასა და ტყუილზე“.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობა
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე, – „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის („სოხუმსკის“) ძმა, – თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს გელა უძილაური.
გელა უძილაურისთვის იარაღის უკანონოდ გასხვისების ბრალდებით 25 მაისს დააკავეს სანდრო წივწივაძე.
რამდენიმე თვის შემდეგ, 12 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე.
გარდა ამისა, ძებნა გამოცხადდა გიორგი ჯოხაძესა და დავით (დათუნა) მიქაძეზე.
ვის რა მუხლით წაუყენეს ბრალი?
· ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს – სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
· გელა უძილაური დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
· ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან გიორგი კაჭკაჭიშვილს – მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
· გიორგი ჯოხაძის ნათესავ მამუკა ბაღდავაძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წაუყენეს – სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
· სანდრო წივწივაძეს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას – სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
