“ხშირად ისმის კითხვა, საქართველოში სოციალური პრობლემების გამო რატომ არასდროს გამოდიან ქუჩაშიო? პასუხი მარტივია…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“ხშირად ისმის კითხვა, საქართველოში სოციალური პრობლემების გამო რატომ არასდროს გამოდიან ქუჩაშიო?
პასუხი მარტივია: იმიტომ რომ ყველა ღარიბი და გაჭირვებული საქართველოში ხელისუფლებას შეჰყურებს ხელებში, საბოლოოდ ისევ მისგან ელოდება შემწეობას და მოწყალებას.
ათასში ერთხელ ლოკალურ პროტესტსაც იმისთვის აწყობენ, ან ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ მედიას დახმარებისთვის მხოლოდ იმისთვის მიმართავენ, რომ ისევ ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა. სხვა დანიშნულება მათ თვალში ოპოზიციას და მედიას არ აქვს.
ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ჩვენი ფულით მათი პრობლემების მოგვარებას როგორც კი დაპირდება, მერე აღარც ოპოზიცია უნდათ და აღარც დამოუკიდებელი მედია. მათი ღმერთი ხდება ხელისუფლება.
იგივე ეხება დასაქმებულების დიდ კატეგორიას, ვინც შახტებში, რკინიგზაში, სკოლაში, ბაღებში მუშაობს. ისინიც ყოველთვის ხელისუფლებას შეჰყურებენ ხელებში. მათგან ელოდებიან შველას და თუ პროტესტს მიმართავენ, მხოლდ იმიტომ რომ ისევ ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა და იმან მოხედოს (მაგალითად მეშახტეებს უნდათ, რომ ხელისუფლებამ დამსაქმებელს თითი დაუქნიოს და პრობლემების მოგვარება აიძულოს) და როგორც კი ეს მოხდება და ხელისუფლება მათაც რაღაცას დაპირდება, მიდიან და არჩევნებზე ისევ მათ აძლევენ ხმას.
ამიტომ არ გამოდის არასდროს ჩვენთან პროფკავშირების პროტესტიც.
იგივე ეხებათ სოფლად მცხოვრები ადამიანების უმეტესობასაც. ისინიც მუდამ ხელისუფლებას შეჰყურებენ ხელებში. უკიდურესად გაჭირვებული მათგან სოციალურ დახმარებას ელოდება, ცოტა შეძლებილი – ყურძენზე, ან მანდარინზე სუბსიდირებას.
ამ ხალხსაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მარტივად იმადლიერებს ჩვენი ფულით ანუ ბიუჯეტის ხარჯზე.
ესაა რეალობა და ეს ყველაფერი არის საბჭოთა მემკვიდრეობა. მოსახლეობის ამ ნაწილის თავებში ჯერ კიდევ ცოცხლობს საბჭოთა მენტალობა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავად მოესწრნენ თუ არა იმ დროს. ამ მენტალიტეტით იზრდებიან. არც იმას აქვს მნიშვნელობა ვინაა ხელისუფლებაში. ნაცების დროს ნაცებს შეჰყურებდნენ ხელებში, ქოცების დროს ქოცებს შეჰყურებენ და ასე იქნება მანამდე, ვიდრე ქვეყანა არ გამდიდრდება და გაჭირვება აღარ იქნება.
P. S. ამ ხალხზე გაბრაზება არ ღირს. უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა და მათ გარეშე ვიბრძოლოთ ჩვენი და მათი უკეთესი მომავლისთვის.”