ხულო-თაგოს საბაგირო არ მუშაობს, თუმცა მასზე 2020-2021 წლებში 237 ათასი ლარი დაიხარჯა – როგორ იგეგმება ბაგირგზის აღდგენა

ხულო-თაგოს საბაგირო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე ტენდერის გამოსაცხადებლად ბაზარს სწავლობს. დაგეგმილია არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, ტექნიკის შეცვლა და სხვა სამუშაოები. ძირითადი მოთხოვნაა „შენარჩუნდეს ხულო-თაგოს უსაყრდენო საბაგირო ხაზის მოწყობის პრინციპი“.
ხულო-თაგოს საბაგირო გზა „ტექნიკური შეუსაბამობების გამო“ თითქმის ერთი წელი გაჩერებულია.
საბაგირო გზის აღსადგენად საჭირო სამუშაოებზე ტენდერი პროექტირება-მშენებლობის [Design-Build] მეთოდით უნდა გამოაცხადონ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულს მოუწევს ხულო-თაგოს უსაყრდენო საბაგირო ხაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
რამდენი ლარი დასჭირდება საბაგირო გზის რეაბილიტაციას, სწორედ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი.
ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, როგორც აღვნიშნეთ, დაგეგმილია არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. არადა, საბაგირო გზის ხულოს სადგურის შენობა 2021 წელს გაარემონტეს, რაშიც 113 ათასამდე ლარი დაიხარჯა.
ერთი წლით ადრე, 2020 წელს კი, გამწევი ბაგირი შეცვალეს, რაშიც 124 ათასი ლარია დახარჯული. საბაგიროზე 2024 წელს ჩატარებულ ინსპექტირების ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ „გამწევ ბაგირს გააჩნია წყვეტები [ბიჯზე 6 მავთულის წყვეტა]. ბაგირის გარე შრის მავთულები ზომაზე მეტად არის გაცვეთილი. ბაგირის დიამეტრი შემცირებულია ზომაზე მეტად. ამ დეფექტების გამო გამწევი ბაგირი გამოსაცვლელია“.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, შესაცვლელია მზიდი ბაგირიც – „დეფექტებისა და იმის გამო, რომ ის მუდმივად განიცდის დაჭიმულობის ცვალებადობას და ამასთან, უკვე 40 წელია რაც ექსპლუატაციაშია“.
ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით სამშენებლო ობიექტი იქნება V კლასის, ამიტომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოა სსიპ „საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“.
ახალი საბაგირო გზის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები კი იქნება:
საბაგირო სისტემა: ერთგონდოლიანი [რევერსული], უსაყრდენო, პლატფორმაზე გაჩერების უზრუნველყოფით;
მინიმალური სიჩქარე: არანაკლებ 5 მ/წამში;
ტევადობა: გონდოლა, რომელსაც ექნება ერთდროულად არანაკლებ 10 მგზავრის და საჭიროების შემთხვევაში არანაკლებ 5 მგზავრისა და ველოსიპედების გადაადგილების შესაძლებლობით;
ძრავის მდებარეობა: ქვედა სადგური [დაბა ხულო].
„სადგურის პლატფორმაზე შესასვლელი მოეწყოს პლატფორმის უკანა მხარეს, ფიზიკური დაბრკოლებების გარეშე, სივრცის ათვისების საუკეთესო შედეგის მისაღწევად. პლატფორმის დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნას, მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში დამატებითი გონდოლების ინტეგრირების შესაძლებლობა. სადგურებზე დამონტაჟებული უნდა იყოს აუდიო-ვიდეო სისტემები.
საბაგირო ხაზს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი სამაშველო-საევაკუაციო სათადარიგო სისტემა [გონდოლა/პლატფორმა ან სხვა] უზრუნველყოფილი ავტონომიური კვებით… ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ – აღნიშნულია ბაზრის კვლევის ტექნიკურ დავალებაში.
ამავე დავალების მიხედვით, საბაგირო ხაზის სადგურების გეგმარება შესაძლებელია მოიცავდეს:
სადგური „ხულო“ – მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ბაქანი; ფოიე, მცირე მოცულობის საინფორმაციო-საგამოფენო სივრცით, სადაც ვიზიტორები მიიღებენ სრულ ინფორმაციას მითითებული საბაგირო ხაზის ისტორიისა და მისი ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ. ისტორიის ელემენტის შემოტანისათვის შესაძლებელია არსებული ვაგონის განთავსება საგამოფენო სივრცეში, ან სხვა წინადადებით შემოთავაზებულ გარემოში;
საოპერატორო, მართვის სივრცე; სამანქანე განყოფილება; პერსონალის ოთახი; სამუშაო ოთახი; ტექნიკური მომარაგების ოთახი/სივრცე; დამხმარე სათავსო; პერსონალის WC; ბილეთების გაცემის სივრცე და სხვა სათავსოები, რომლებიც აუცილებელია საბაგირო ხაზის უსაფრთხო და კომფორტული ექსპლუატაციისათვის.
ტერიტორიის კეთილმოწყობა, მიმანიშნებლის განთავსებით და საპარკინგე ადგილის მონიშვნა [შესაძლებელი გამოყენებულ იქნას მიმდებარედ არსებული მუნიციპალური სივრცე].
სადგური „თაგო“ – მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ბაქანი; საოპერატორო, მართვის სივრცე; სამანქანე განყოფილება; პერსონალის ოთახი; სამუშაო ოთახი; ტექნიკური მომარაგების ოთახი/სივრცე; დამხმარე სათავსო; პერსონალის WC; ბილეთების გაცემის სივრცე; ტერიტორიის კეთილმოწყობა, მიმანიშნებლის განთავსებით; გადასახედი ბაქანი; არანაკლებ 80 კვ.მ. კვების და დასვენების ბლოკი.
ხულო-თაგოს ბაგირგზის სადგურები [ფოტოები ინსპექტირების ანგარიშიდან]
ამასთან, საბაგირო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აუცილებელია:
· საბაგირო ხაზის [ტექნოლოგია] სამონტაჟო სამუშაოებზე წარმოდგენილ იქნას საექსპერტო შეფასება CEN სტანდარტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით [ინსპექტირების განმახორციელებელი და შესაბამისობის დამდგენი კომპანია უნდა იძებნებოდეს ევროკომისიის მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული კომპანიების სიაში];
· მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მშენებლობადამთავრებული ობიექტის მშენებლობის ვარგისად აღიარებისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
· მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ობიექტის შემდგომ გამართულ ფუნქციონირებაზე;
· მოწოდებულ საბაგირო სისტემას უნდა გააჩნდეს ექსპლუატაციის პროცესში ტექნიკური გამართულობის მონიტორინგის და უსაფრთხოების ციფრული კონტროლისა და მონიტორინგის ინტეგრირებული სისტემა, შესაბამისი ციფრული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.
ინსპექტირების დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბაგირგზის ექსპლუატაციაში გაშვება დაუშვებელია მისი სრული რეაბილიტაციის გარეშე, რაც ითვალისწინებს მზიდი და საწევი ბაგირების შეცვლას. ამ სამუშაოებისთვის კი, ზედა სადგურს [თაგო] არ გააჩნია მისასვლელი გზა და საჭირო მიწის ფართობი.
„მიზანშეწონილად მიგვაჩნია ა[ა]იპ „ხულო-თაგო ბაგირგზამ“ დააყენოს საკითხი ხულოს მერიაში სადგურის მიმდებარედ არსებული მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ნაკვეთის უზურფრუქტის წესით გადაცემის შესახებ რათა არ შეიქმნას პრობლემები სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს“ – წერია ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით „ბაგირგზის ხაზის ქვეშ გადის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რაც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს და მაღალი რისკების შემცველია. სასურველია გადამცემი ხაზის ეს მონაკვეთი სათანადო წესების დაცვით, მფლობელთან შეთანხმებით, ჩადებული იქნეს მიწაში“.