აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გელაძეებში ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების განცხადებით, სოფელში ერთი თვის წინ მეწყრულმა პროცესებმა საავტომობილო გზა დააზიანა.
„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სოფელ გელაძეებში გადაუდებელი საჭიროებისათვის ალტერნატიული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, გზების დეპარტამენტი ცდილობს მალევე დასრულდეს გზის აღდგენითი სამუშაოები. ალტერნატიული გზა სოფელ კორტოხიდან უკავშირდება გელაძეებს. რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესია, ამავდროულად სავალ ნაწილზე არის თოვლის საფარი. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ერთი თვის წინ სოფელ გელაძეებში განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე მეწყრული კერა არის აქტიური და ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მისი მონიტორინგი სპეციალისტების მიერ. შესაბამისად, ჯერჯერობით გზის გაწმენდის და აღდგენითი სამუშაოები შეუძლებელია”, – აცხადებენ უწყებაში