ხოშტარიამ კალაძის ბანერს 570 ლარის ზიანი მიაყენა – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ზიანი გამოიწვია.
პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება დღეს, 16 სექტემბერს, წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა ჯერ არ ამბობს ითხოვს თუ არა ელენე ხოშტარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას. უწყების განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
15 სექტემბერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია დააკავეს. საქმე ეხება მელიქიშვილზე მომხდარ ფაქტს, რომლის გამოც ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ხოშტარიამ კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა.
„ქართული ოცნების“ პრემიერი ირაკლი ამბობს, რომ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით „კანონი უმკაცრესად იმოქმედებს“.
მისი თქმით, აქამდე ზედმეტად „რბილი პრაქტიკა“ იყო დამკვიდრებული და საჭიროა, კანონი მკაცრად იყოს დაცული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას და აცხადებს, რომ ეს არის სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი აქტი.
ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო ბანერი, რის დაზიანებასაც ელენე ხოშტარიას ედავებიან, სააგიტაციო მასალაა და მისი დაზიანება ადმინისტრაციული წესით ისჯება და არა სისხლისსამართლებრივი წესით.