ხორბლის იმპორტი საქართველოში 14%-ით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტი კი 1.9%-ით გაიზარდა

საქართველოში ხორბლის იმპორტის ღირებულება წლიურად 14.0%-ითაა გაზრდილი იანვარ-თებერვალში, ხოლო მოცულობა 44.1%-ით, რაც შემცირებული საშუალო იმპორტის ფასითაა გამოწვეული (-20.9% წ/წ). ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს.
მიმოხილვის მიხედვით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტის ღირებულება წლიურად 1.9%-ით გაიზარდა 2024 წლის პირველ ორ თვეში. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტის მოცულობა (+116.2% წ/წ), ხოლო საექსპორტო ფასი შემცირებულია (-52.9%).
რაც შეეხება მსოფლიო ტენდენციას, ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 11.6%-ით გაიზარდა, ხორბლის ფასი კი თვიურად 8.0%-ით შემცირდა.
„2024 წლის მარტში ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 11.6%-ით გაიზარდა (+33.3% 1კვ24-ში). მიუხედავად ზრდისა, ინდუსტრიას რამოდენიმე გამოწვევის გადალახვა მოუწევს ახლო და საშუალოვადიან პერიოდში. მათ შორის აღსანიშნავია ახალი ინდუსტრიული ნორმების მიღება, წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის ცვალებად ფასებთან გამკლავება და მოსალოდნელი სუსტი ეკონომიკური ზრდა. თუმცა, მსხვილ ეკონომიკებში პოტენციური გაჯანსაღების და მიწოდების ჯაჭვის შესაძლო გამოსწორების (წითელი ზღვის ჩათვლით) გზით, შესაძლოა სასუქების მოთხოვნის მეტად გამოკეთება 2024 წლის მეორე ნახევრისათვის.
ხორბალი 2024 წლის მარტში ხორბლის ფასი თვიურად 8.0%-ით შემცირდა (-25.6% 1კვ24-ში). გასულ კვარტალში ევროკავშირში ფერმერების პროტესტი მნიშვნელოვანი თემა იყო მარცვლეულის ინდუსტრიისათვის. ფერმერები მოითხოვენ გაუქმდეს უკრაინისათვის მინიჭებული სავაჭრო შეღავათები, რაც ქვეყანას ევროკავშირის ბაზართან თითქმის შეუზღუდავ წვდომას აძლევს. ახლანდელი ზომები 5 ივნისს იწურება, სამომავლო გეგმები კი უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი. ამასთან, მ 2022-23 წლებში ევროკავშირში ხორბლის ექსპორტი 17-ჯერ გაზარდა ომამდელ დონესთან შედარებით. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მიხედვით, დაბალი ფასების ძირითადი მიზეზი არა უკრაინა, არამედ ზოგადად მსოფლიოში გაზრდილი წარმოებაა. მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს უკრაინაში ხორბლის მოსავალი წინა წელთან შედარებით 5-10%-ით ნაკლები იქნება, რაც ნათესი მიწების შემცირებითაა გამოწვეული“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ