ხმაური თბილისის საკრებულოს სხდომაზე – დაპირისპირება გახარიას გუნდის წევრებსა და “ქართულ ოცნებას” შორის წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მოხდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება გიორგი გახარიას გუნდის წევრებსა და “ქართულ ოცნებას” შორის მოხდა. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, პარტია “საქართველოსთვის” წევრების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები გახდა, რასაც უმრავლესობის წევრები არ დაეთანხმნენ.
“მჯეროდა, რომ დღევანდელ სხდომაზე თქვენ, კახა კალაძის უმრავლესობა, თბილისის საკრებულოში ბოდიშს მაინც მოუხდიდით თბილისელებს, მათ შორის, წერეთლის გამზირზე მცხოვრებლებს, რომლებიც, ბოლო 10 თვეა, აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. რას ამბობთ, ბატონო გიორგი, რომ წერეთლის გამზირზე ადამიანები კომფორტულად გადაადგილდებოდნენ და ორმოებში არ ცვივდებოდნენ? ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული. რეაბილიტაცია ისე უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანი ორმოში არ ჩავარდეს,”- აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქციის ”თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაშიძე.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, შარაშიძეს გამოეხმაურა და კორექტულობისკენ მოუწოდა.
“კორექტული იყავი, ბოდიში მოსახდელი არავის აქვს. შეურაცხყოფას თავი დაანებე“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ოპოზიციონერ კოლეგებს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამაც უპასუხა:
“გუშინ მოვისმინე გაუგონარი კომენტარები. ალბათ, ყველა შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ ჩვენს კოლეგებს, საუბრობდნენ იმაზე, რომ, თურმე, არ ჰყოფნით ოპოზიციონერებს ფონდი “ქართუს” მიერ დახარჯული მილიარდი საქველმოქმედო საქმიანობაში. ეს იმ პარტიის წარმომადგენლები არიან, რომლის ხელმძღვანელებიც დღეს გაქცეულები არიან, რადგან ქართული ჯარი გაძარცვეს. ჩემო კოლეგებო, თქვენდა სამწუხაროდ, წერეთელიც მოესწრება, ქუჩების რეაბილიტაციაც გაგრძელდება, ბაღები და სკოლებიც აშენდება და თქვენთვის არაფერი კარგი არ მოხდება,”- აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.