ხვიჩას გუნდის რუსი მეკარე სუპერგმირის წოდებით, იაშინის პრიზით, ევრო 2020-ითა და ყოფილ მეუღლესთან პრობლემებით…

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟს სათადარიგო მეკარე 26 წლის რუსი, მატვეი საფონოვია. ის პერიოდულად ამავე ასაკის ჯანლუიჯი დონარუმას ცვლის. ასე იყო ლიგა 1-ის 25-ე ტურშიც.
მატვეიმ საფეხბურთო კარიერა “კრასნოდარში” დაიწყო და 2024 წლის ზაფხულამდე აქ თამაშობდა. ის ს ჩემპიონატში კარგი ტექნიკისა და კოორდინააციის დემონსტრირებას ახდენდა. სავარაუდოა, რომ პარიზული კლუბის ყურადღება სანახაობრივი სტილით მიიპყრო და 25 წლის ასაკში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რუსული ტრანსფერიც განხორციელდა.
საფონოვი “კრასნოდარში”
პსჟს კიპერი 1999 წლის 25 თებერვალს დაიბადა. მამამისი, ევგენი, კალათბურთელი იყო და “ლოკოკოტივ-კუბარსის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელიც გახდა.
მატვეიმ თავის დამკვიდრება სპორტის სხვადასხვა სახეობაში სცადა, ჯერ ცურვით დაიწყო, შემდეგ ჭადრაკში “გადაეშვა”. საშუალო განათლების მიღებას ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება მოჰყვა. მატვეის ორი უმცროსი ძმა ჰყავს, სტეპანი და პოტაპი.
საფონოვის დებიუტი “კრასნოდარში” 2015-16 წლებში შედგა, პრემიერლიგაში კი მომდევნო წელს გამოჩნდა, როცა “შავ-მწვანეები” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ. 22 მატჩში რვის “მშრალად” დასრულება ის იყო, რამაც მატვეის მიმართ ყურადღება გაზარდა. 2018-19 წლიდან რუსეთში კვარაცხელიაც თამაშობდა, თავდაპირველად, მოსკოვის “ლოკომოტივის” რიგებში.
2019 წელს “კრასნოდარმა” საფონოვს განახლებული ხელშეკრულება შესთავაზა, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტთან” დაპირისპირების შემდეგ კი მან არტემ ძიუბასთან (ჯანო ანანიძესთან ერთად თამაშისას გვახსოვს) “სუპერმატჩის სუპერგმირის” წოდებაც მიიღო. მეკარე გულშემატკივართა რჩეული რამდენჯერმე გახდა.
როცა ყურადღება გაიზარდა…

ჯერ წერდნენ, რომ საფონოვი ლევერკუზენის “ბაიერს” სურდა, მაგრამ მათ სატრანსფერო თანხა ეძვირათ. ამას “ბენფიკასთან” შეთანხმების ვერმიღწევაც მოჰყვა.
ექსპერტები და გულშემატკივრები მატვეის თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ რუს მეკარეს, იგორ აკინფეევს ადარებენ.
საფონოვი აცხადებდა, რომ ინგლისის პრემიერლიგა მისთვის ყველაზე მისაღები იყო, თუმცა “ბრაიტონის” მხრიდან ინტერესზე თქვა, რომ ამ კლუბიდან არავის მოუმართავს. მატვეიმ 2022 წელს ლევ იაშინის სახელობის პრიზი მიიღო, ორი წლის შემდეგ კი სეზონის საუკეთესო მეკარედაც აღიარეს, სადაც მან მოსკოვის “სპარტაკის” კარის დარაჯ ალექანდრ მაქიმენკოს (ისიც 26 წლისაა) და უკვე 38 წლის იგორ აკინფეევს აჯობა.
რუსეთის ნაკრებში ასაკობრივებიდან ეროვნულამდე…

საფონოვი რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა. 2021 წლიდან ეროვნულ გუნდშია და ამჯერად საერთაშორისო შეჯიბრებეებიდან მოკვეთილ ნაკრებში სულ 13 შეხვედრა ჩაატარა. ევრო 2020-ზე, რომელიც ერთი წლით გვიან ჩატარდა, მატვეი სასტარტო კიპერი იყო, ფინეთის წინააღმდეგ კი “მშრალი” კარი ჰქონდა.
მეკარე პირად ცხოვრებას არ მალავს. ცნობილია, რომ ის ანასტასია კაზაჩეკს სკოლიდან ეტრფოდა, 2020 წელს იქორწინეს და და 2021 წლის 18 ივნისს ქალიშვილიც შეეძინათ, თუმცა აქედან 6 თვეში კაზაჩეკმა მეუღლის მხრიდან ღალატზე ღიად მიანიშნა და დაშორება ამით ახსნა.
პირველ მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად…

ფეხბურთელის ახალი სიყვარული მარინა კონდრატიუკია, რომელიც ბორტგამცილებლად მუშაობდა და ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. რაც შეეხება ყოფილ მეუღლეს, ცნობილია, რომ პარიზში გადასვლის შემდეგ, მატვეის ის შვილთან კონუნიკაციაში ხელს მაქსიმალურად უშლის. თუ ვისთან უნდა ეცხოვრა ბავშვს, ამის გარკვევა სასამართლოშიც გაგრძელდა.
მატვეი და მარინა კონდრატიუკი

ფეხბურთელმა უარყო, თითქოს მას 60 მილიონი რუბლის ალიმენტის დავალიანების გამო რუსეთის დატოვება ეკრძალებოდა. ექსმეუღლემ თქვა, რომ თანხისთვის ბრძოლას საფრანგეთშიც გააგრძელებდა…
მატვეი საფონოვი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ პსჟში გადავიდა, ხელშეკრულება 2029 წლამდე გააფორმა და იმედოვნებს, მალე გუნდის სასტარტო მეკარე გახდება. ამისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობა ის იქნება, ლუის ენრიკეს გუნდში მისი იტალიელი კონკურენტი რამდენ ხანს დარჩება.