ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის „მანჩესტერ სიტისთან“ მოგებულ მატჩს (4:2) პარიზული გუნდის ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ სტადიონის ტრიბუნიდან მეუღლესთან ერთად უყურა და თამაშის დასრულების შემდეგ აღფრთოვანება ვერ დამალა.
კვარაცხელიას კლუბის გახარებული პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მეგობარივით გადაეხვია და გამოჩნდა, როგორი უბრალო და უშუალო ადამიანია და როგორ განსხვავდება „ნაპოლის“ ქედმაღალი მფლობელის, აურელიო დე ლაურენტისისგან, რომელიც ფეხბურთელებთან ურთიერთობას უმეტეს შემთხვევაში მესამე პირის საშუალებით ამყარებს.
ალ-ხელაიფი ქართველის შეძენის ინიციატორი იყო და ტრანსფერის განხორციელების შედეგად ძალიან კმაყოფილი დარჩა. ხვიჩას ასევე თბილად შეხვდა გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე.
ალ-ხელაიფის ქონება
8 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ ეს რეალური მონაცემი არ არის, რადგან ის Qatar Sports Investment (QSI)-ის ხელმძღვანელია, რომლის უკან კატარის სახელმწიფო ფონდი Qatar Investment Authority დგას – კაპიტალი 295 მილიარდი.