როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, წულუკიანის კომისიის სხდომაზე, ქმრის მკვლელობის რამდენიმე დეტალი გაიხსენა.
მისი თქმით, სერჟანტის მკვლელობა წინასწარ ჰქონდათ განზრახული და აღნიშნავდნენ, თითქოს, ბუნებრივი მოთხოვნილების გამო გაუჩერეს მანქანა, თუმცა, მათ ვერ გათვალეს, რომ როინ შავაძეს, მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის, ფეხი, ხელი და თითის ფალანგები ჰქონდა მოტეხილი:
„ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული ჰქონდათ და სისრულეში მოიყვანეს. ქობულეთის შემდეგ არის ქაქუთი, სადაც ბუნებრივი მოთხოვნილების გამო, გაუჩერეს მანქანა კაცს, უბრალოდ ვერ დაფიქრდნენ, რომ მას მარჯვენა ბარძაყში ჰქონდა ფეხი გადატეხილი, ხელი მოტეხილი. კაცს, რომელსაც ხელის თითები ჰქონდა გადამტვრეული. ხელის თითები იმდენად გადამტვრეული ჰქონდა, რომ ცხედარს ჩვენ ის “ლეიკოთი” დავუმაგრეთ, ტყავს ეჭირა უბრალოდ. ამის ვიდეოკადრები არის და შეგიძლიათ ნახოთ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყო დადგმული და წინასწარ განზრახული.
[როინ შავაძე დახვრიტეს] ბათუმის კუდ-ის თანამშრომლებმა“, – აღნიშნა ციცინო შავაძემ.
,,მინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მოდგმა არ არსებობდეს. ვიცი, რომ ბოროტებას ვამბობ, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, რომ ჩვენ დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს. ჩვენ აღარ გვაქვს არც ოჯახი, არც ბედნიერება და არც მომავალი. იფიქრონ კარგად და გააკეთონ ყველაფერი სამართლიანად. არ შეიძლება ამ ხალხს ენდო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გაჩერებას არ ვაპირებ ერთადერთი თხოვნა მაქვს, ხომ ვიღაცამ დაუკვეთა ეს, დაიჭირეს მკვლელები, ყველამ აღიარა, რომ იყვნენ ადგილზე, ჩაიდინეს ჯგუფურად მკვლელობა. მაინტერესებს ვის მოუვიდა თავში ეს, ვიღაცამ ხომ გასცა ბრძანება, რომ გაეკეთებინათ ეს “კუდ”-ის თანამშრომლებს. “კუდ”-ის თანამშრომლები ამას ისე ხომ ვერ ჩაიდენდნენ, თუ არ ექნებოდათ ბრძანება. ისიც გავიგე, რომ როდესაც ამ ბიჭების აყვანა მოხდა, მეორე დღეს საქართველო დატოვა მერაბიშვილმა. რას უკავშირდება ეს, არ ვიცი. თხოვნა მაქვს, თუ ვინმემ რამე იცით, ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ვის მოუვიდა, რისთვის დაიგეგმა ეს. დასჯილ იქნენ დამკვეთები, მეტი არაფერი“
შეგახსენებთ, ,,ალიამ” როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე უამრავი საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ბევრი ფაქტი და მტკიცებულება იყო აღწერილი. ამის მიუხედავად, ივანიშვილის ხელისუფლებას, ამ მძიმე დანაშაულის საფუძვლიანად გამოძიებისთვისა და დამნაშავეების დასასჯელად, 13 წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია!
