“ხელისუფლება ახლა აგონიაშია – ბავშვებსაც არ ინდობს” – ვახო სანაია

ჩვენს ოჯახს გაუვლია, რა არის თავდასხმა, მით უმეტეს, როცა ბავშვთან ერთად ხარ. და თავად თავდასხმა ამით არ დასრულებულა, ის გაგრძელდა ხელისუფლების დაფინანსებული მრავალთვიანი პროპაგანდით, სადაც მსხვერპლი ,,დამნაშავე” ხდება, დამნაშავე კი – ,,მსხვერპლი”.
ჩვენ ტაქსის ვიდეორეგისტრატორის ვიდეოკადრებმა მოგვცა საშუალება, სრული სიმართლე მიგვეტანა საზოგადოებამდე. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების პროპაგანდისტების უტიფრობას საზღვარი არ ჰქონდა. ჩვენს საამაყო მასწავლებელს ლადო აფხაზავას დაესხნენ თავს. ისიც ბავშვთან ერთად იყო (როგორც ვიცი, ტელეფონით რაღაცის გადაღება მოასწრო – თან მოძალადეები ჯოხებით ყოფილან, რაც საინტერესო დეტალია). ასეთ დროს ხშირად სვამენ შეკითხვას – როგორ ფიქრობ, თავდასხმა მოწყობილი იყო ? არ ვიცი, რომელი უარესია : საგანგებოდ მოწყობილი იყოს თუ არა, რადგან სინამდვილეში ორივე მოწყობილი გამოდის – რუსულ რეჟიმს მოსაკლავად ჰყავს გაწირული ყველა, ვინც მისი მოწინააღმდეგეა. თავდასხმას კრემლის ხელისუფლება ყოველდღიურად ჩვენ თვალწინ ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელებით საჯაროდ გეგმავს, როცა არასასურველ ადამიანებს მტრებად და აგენტებად აცხადებს. არა მხოლოდ მწვანე აქვთ ანთებული ძალადობაზე, არამედ პირდაპირ მოუწოდებენ ამისკენ; არის მეორე მეთოდი : პროვოკაციები და ძალადობა იგეგმება სუსის ჯურღმულებში – როგორც მიშა მშვილდაძის შემთხვევაში მოხდა (ბევრი სხვა მაგალითიც გვაქვს). ჩემს შემთხვევაში არ ვიცი, რომელი იყო – საგანგებოდ შემუშავებული გეგმა თუ ხელისუფლების მტრული პროპაგანდით გაბრუებულებთა მოქმედება. არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ორივე ვერსია ერთი და იგივეა. თავდამსხმელთაგან ერთი საერთოდ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ზონდერის ოჯახის წევრია. და ყველა ამგვარ ფაქტს, როგორც წესი, ხელისუფლების უბინძურესი პროპაგანდა მოჰყვება მსხვერპლის წინააღმდეგ და სწორედ აქ ,,იწვება” რეჟიმი, რომ სწორედ ისაა შემოქმედი – ის ან პირდაპირი ორგანიზატორია ან მისი მტრული მოწოდებების შედეგია ამგვარი თავდასხმები. ,,იწვება”, რადგან მან უნდა დაიცვას თავისი დამნაშავეები, სხვაგვარად ეს მანქანა ვერ იმუშავებს. და ამას აკეთებს მსხვერპლზე თავდასხმით უკვე საინფორმაციო სივრცეში. მაგრამ ბოროტების ეს მანქანა უკვე მწყობრიდან გამოდის, აღარ მუშაობს. ხელისუფლება ახლა აგონიაშია – ყოველდღიურად მასობრივ დარბევებს აწყობს და ბავშვებსაც არ ინდობს (პირველ რიგში – სწორედ მათ), მაგრამ ხალხს არ ეშინია, ხალხმა პირიქით თავისი ძალა დაანახა სასოწარკვეთილ რეჟიმს.
მხარდაჭერა და სოლიდარობა ლადო აფხაზავას !

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს