საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” ფუნდამენტურად არ ესმის თუ როგორ მუშაობს დასავლეთი და აშშ – ამის შესახებ ქობულიამ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, მოლოდინი, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ “ქართული ოცნებისთვის” ვითარება სასიკეთოდ შეიცვლება, მცდარია, რადგანაც აშშ-ის პრეზიდენტს რომც სურდეს დამოუკიდებლად საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით პოზიციის შეცვლა, მის პარტიასა და გუნდში ცხადად არსებობს განსხვავებული პოზიცია, რომელსაც მხოლოდ პრეზიდენტი ვერ შეცვლის.
“იმ განცხადებებიდან, რაც გვესმის, ჩანს, რომ ისინი რეალურად ძალიან გაღიზიანებული არიან. მე მესმის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და მმართველ პარტიას აქვს იმედი, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ ყველაფერს შემოაბრუნებს, მე პირადად ამის იმედი საერთოდ არ მაქვს. მათთვის ყველაზე კარგ პროგნოზში ის საერთოდ არაფერს არ იტყვის, მაგრამ ჩემი პროგნოზით მან კიდევ უარყოფით ჭრილში შეიძლება გადაიყვანოს ეს დისკუსია და სიტუაცია.
მე მგონია, რომ ჩვენ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ ესმის ფუნდამენტალურად როგორ მუშაობს დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. პრეზიდენტი არ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, მას ჰყავს გუნდი. მას რომც უნდოდეს ხელისუფლების სასიკეთოდ რაიმე, ისინი მივლენ და აუხსნიან, რომ ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და რის გამო არიან შეშფოთებულები. ტრამპს ეს ძალიანაც რომ უნდოდეს, რთული იქნება ამ სიტუაციის შემობრუნება, მით უმეტეს მე ვფიქრობ, რომ ის არ მოინდომებს სიტუაციის შემობრუნებას,”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.
26 დეკემბერს აშშ-ის კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სანქციებისთვის უნდა მოემზადოს, რაც მისი ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას, არჩევნების გაყალბებას და ქვეყანაზე ჩინეთისა და ირანის ეკონომიკური გავლენების გაძლიერებას უკავშირდება.
bm.ge