“ხელისუფლებას ავიწყდება ერთი მარტივი ამბავი…” – დავით ზურაბიშვილი

მე მგონი ბატონი ბიძინას და შესაბამისად მთელ ხელისუფლებას მართლა სჯერა, რომ შარშან მარტში ოპოზიციამ ხალხის დაბოლებაში, ანუ პროპაგანდაში და პიარში აჯობა და ამის გამო გამოვიდა ბევრი ხალხი ქუჩაში.
ამიტომაცაა, რომ დღეს ხელისუფლებას გამოცხადებული აქვს ადმინისტრაციული რესურსის უმაგალითო მობილიზაცია. მთელი სახელმწიფო დაკავებულია პროპაგანდისტული ტყუილების გავრცელებით. თანაც ხომ შეიძლება პროპაგანდა ისე იყოს აგებული, რომ სიმართლის რაღაც მარცვალს მაინც შეიცავდეს? ნურას უკაცრავად! აქ ყველაფერი არის, რომ იტყვიან, მამალი ტყუილი, ერთი სიტყვა სიმართლეც რომ არ ურევია. ხელისუფლება მხოლოდ პროპაგანდის ინტენსივობის და მესიჯბოქსის ოცდაოთხსაათიანი გამეორების ხარჯზე ცდილობს დაგვარწმუნოს სრულიად თავხედურ სისულელეებში, ნიაღვარივით რომ მოედინება სახელისუფლო საინფორმაციო არხებიდან, ტროლ-ბოტების არმადის შემოსევაზე რომ არაფერი ვთქვა. მაგრამ ხელისუფლებას ავიწყდება ერთი მარტივი ამბავი: მამალი ტყუილების კასკადს მხოლოდ მაშინ აქვს სერიოზული ეფექტი, როცა სიმართლის ხმა ჩახშობილია და არ ისმის. ახლა კი რომ იტყვის, ეს კანონი ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული არააო და ევროკავშირი რომ იტყვის, არისო, ნორმალური ადამიანი რომლის ნათქვამს დაიჯერებს? არა აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი ნაცია, ქოცია, მემარჯვენეა, მემარცხენე თუ საერთოდ პოხუისტი და ნიჰილისტი. აქ რომ გაერკვე რეალობაში, საკმარისია მეტ-ნაკლებად საღად აზროვნებდე და არ გეგონოს, რომ ევროპა კი ასე ამბობს, მაგრამ სინამდვილეში ბატონმა ბიძინამ უკეთესად იცის ევროპაში რა და როგორაა. ამიტომაც სულ ტყუილად იხარჯება ამხელა რესურსი და სულ ტყუილად აიძულებენ ამდენ ადამიანს დამამცირებელი სისულელები წეროს და ავრცელოს. სახელისუფლო პროპაგანდა დამარცხებისთვისაა განწირული იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ აქ იმაში კი არაა საქმე ვინ უფრო მეტჯერ რას იტყვის, არამედ იმაში, რომ რუსული კანონი რეალურად გვაშორებს ევროპას და რეალურად მიგვათრევს “რუსსკი მირ”-ში. ეს ხალხს ძალიან კარგად ესმის და რეაგირებაც შესაბამისი აქვს. ხალხი არ არის ის ქვევრი, რომელიც იმასვე ამოიძახებს, რასაც ბატონი ბიძინას დავალებით ჩასძახებენ.
ასეა ეს, და, როგორც იტყვიან, არ უნდა ამას ბევრი ლაი-ლაი.

ასევე დაგაინტერესებთ