ხელისუფლებასთან გამოითქვა შეშფოთება “გამჭვირვალობის” კანონთან დაკავშირებით – EU-ს დელეგაცია

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 2024 წლის 10 აპრილი
ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC) საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.
კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების გზაზე 2023 წლის 8 აპრილს ევროპული კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ გამოხატეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონზე შეშფოთება.
“დრო ცოტაა, ცხრა ნაბიჯი ახლა უნდა შესრულდეს და თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელისშემშლელი იქნება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამოითქვა შეშფოთება ბოლოდროინდელ ინიციატივებთან დაკავშირებით, მათ შორის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის მიერ 2024 წლის 4 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაზე მითითებით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მის ღირებულებებს, როგორც ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში.
PSC-ის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს მომენტი, 2024 წლის 26 ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებითაც. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოიწვიოს ODIHR-ის დამკვირვებლები. ევროკავშირი კიდევ ერთხელ იხსენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას და ხაზს უსვამს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის დარჩენილი რეკომენდაციების განხილვის აუცილებლობას”. – ვკითხულობთ კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
სომხეთში 8-9 აპრილს გამართული ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციამ, რომელსაც ელჩი დელფინ პრონკი ხელმძღვანელობს, საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დღეს, 10 აპრილს დაიწყო. საქართველოს შემდეგ ისინი 11-12 მარტს აზერბაიჯანში ჩავლენ. ვიზიტის მიზანი “ევროკავშირისთვის საკვანძო მნიშვნელობის რეგიონში პარტნიორებთან დიალოგის გაძლიერებაა”.
PSC-ის დელეგაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს, საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.