ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მაგისტრ მოსამართლესთან იკითხება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ეუთოსთან თანამშრომლობის გამო.ნანუაშვილის თქმით, აბსურდია, როდესაც უფლებადამცველს იბარებენ უსაფრთხოების სამსახურში იმის გამო, რომ საერთაშორისო ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.„მე დავეხმარე ექსპერტს იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაზეც მას ჰქონდა კითხვები. დაკავშირება სურდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, აინტერესებდა ანგარიშები, რომელიც ჩვენ გვქონდა მომზადებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მე მას ყველაფერში დავეხმარე და მივაწოდე ეს ინფორმაცია. ეს არის უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოების დაშინება, რომ არავის მომავალში აღარ ჰქონდეს სურვილი იკონტაქტოს საერთაშორისო ორგანიზაციასთან“, — განაცხადა ნანუაშვილმა.მისი თქმით, სახელმწიფო პირიქით ვალდებული იყო, თავადაც ეთანამშრომლა ექსპერტთან და ხელი შეეწყო პროცესისთვის.„მეექვსე პუნქტი მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტის, წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, არ შეუქმნან რაიმე პრობლემა და დაიცვან თითოეული იმ ადამიანის და ორგანიზაციის უფლებები, ვინც ითანამშრომლებს ექსპერტთან. ეს არის დამატებითი მექანიზმი, რომ დაცული იყოს ყველა ის პირი, ვისაც კომუნიკაცია ექნება ეუთოს ექსპერტთან. ჩვენს შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს მოთხოვნა უკვე დარღვეულია საქართველოს ხელისუფლების მიერ“, — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მე-6 პუნქტი, რომელზეც ნანუაშვილი საუბრობს, ამბობს, რომ „მონაწილე სახელმწიფოები თავს შეიკავებენ ნებისმიერი ქმედებისგან იმ პირების, ორგანიზაციების ან ინსტიტუტების წინააღმდეგ, ექსპერტთა მისიასთან მათი კონტაქტის ან მათთვის გადაცემული ნებისმიერი საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამო“.



