წარმოუდგენელია, რისთვის დააჯარიმეს 4000 ლარით? ან რისთვის ითხოვდნენ პატიმრობას? ეს რას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელსაც აკონტროლებს? ყველაფერზე შეუძლიათ დაგიჭირონ და პატიმრობა მოითხოვონ,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000-ლარიანი ჯარიმის შეფარდებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ყურაშვილისა და ბაღათურიას პატიმრობას შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გადაზიარებული ვიდეოს გამო ითხოვდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გადაზიარებული ვიდეოს გამო მირანდასა და ანას პატიმრობას ითხოვდა და საერთოდ არც ანი და არც მირანდა იქ არც ყოფილან. როდესაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა, მთელი დარბაზი ცრუ მოწმეებით გაავსეს, საშუალებაც არ გვქონდა, რომ სასამართლო დარბაზში შევსულიყავით.
წარმოუდგენელია, რისთვის დააჯარიმეს 4000 ლარით? ან რისთვის ითხოვდნენ პატიმრობას? ეს რას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელსაც აკონტროლებს? ყველაფერზე შეუძლიათ დაგიჭირონ და პატიმრობა მოითხოვონ.
მანდატურები დევნიდნენ ადამიანებს თვითონ სასამართლო დარბაზიდან. მანდატურებიც არიან სისტემის ნაწილი, ჩვეულებრივი ჯალათები, ასევე იმ ცრუ მოწმეებმა, რომლებიც რეჟიმის წარმომადგენლები არიან, უნდა აგონ სათანადო პასუხი“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს კი ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.
