ხაზარაძე: შეიქმნას ფონდი, რომელიც დაეხმარება საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულებს

პარტია “ლელოს” ლიდერი ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას ფონდი, რომელიც საჯარო სამსახურებიდან მათი პოზიციების გაჟღერების გამო გათავისუფლებულ მოხელეებს არჩევნებამდე ფინანსურად უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ხაზარაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერით განაცხადა.
“ლელოს” ლიდერის თქმით, საჯარო მოხელეებს უჭირთ ხმამაღლა საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება, რადგან მათზე მმართველი პარტია ახდენს “ტერორს”.
“უნდა დავიხსნათ ეს ადამიანები, ეს საკითხი გადასაწყვეტია. ასეთი იდეა მინდა გავაჟღერო, რომ შევქმნათ სპეციალური ფონდი, რომელშიც მე გავაკეთებ კონტრიბუციას. ის უნდა იყოს მართული ცნობადი ადამიანის მხრიდან, რომელსაც მსგავსი ფონდების მართვის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთია ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც იზიდავს თანხებს და ეხმარება ბავშვებს. არის კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ფონდი. უნდა შეიქმნას დირექტორთა საბჭო და ყველა იმ ადამიანის შემთხვევაში, რომელიც იქნება გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან მათი პოზიციის დაფიქსირების გამო, ამ ფონდმა უნდა აიღოს არჩევნებამდე მათი სრული დაფინანსება. ხოლო არჩევნების მერე პირველ რიგში, ამ ადამიანების აღდგენა სამსახურში.
უნდა მივცეთ კომფორტი და გარანტია იმისა, რომ თუ ისინი გათავისუფლებული იქნებიან ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ, რომ მათ აქვთ სხვა აზრი და გამოდიან რუსული კანონის და ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ ისინი დარჩებიან ქუჩაში ამათი გადაწყვეტილების გამო, ვინც არ უნდა იყოს, მეეზოვე, აკადემიკოსი, პოლიციელი თუ ა.შ. ამ ფონდმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ უახლოესი 5 თვის განმავლობაში, ამ ადამიანებს არ შექმნათ არანაირი ფინანსური პრობლემა, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე,“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს