“მე არ მინდა, რომ კალაძეს ქალაქ თბილისი ბრძოლის გარეშე გადავაბარო” – ამის შესახებ კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ხალხის მიმართ ქართული ოპოზიციის მოწოდება, რომ ადგილობრივ არჩევნებზე არ მივიდნენ, არასწორია. როგორც ხაზარაძე ფიქრობს, აუციელებლია, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა ოპონენტებმა საზოგადოებას მუნიციპალურ არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდოს.
მისივე თქმით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები “დიდ ეროვნულ რეფერენდუმად” უნდა აქციოს.
ამასთან, მოცემულ თემასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ აფიქსირებს კოალიციის პოზიციას და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე არ გავლენ, მაშინ “ძლიერი საქართველოც” ამავე სტრატეგიას გაიზიარებს.
“მე არ მინდა, რომ ბრძოლის გარეშე კალაძეს ქალაქ თბილისი გადავაბარო. მე არ მინდა, რომ ეს კორუფცია გაგრძელდეს. ჩემი მოწოდებაა, რომ ეს არჩევნები დიდ ეროვნულ რეფერენდუმად გადავაქციოთ. როგორც მე მოვისმინე პოლიტიკოსებისგან, ხალხს ვუთხრათ, არჩევნებზე არ გამოხვიდეო, პირიქით უნდა ვუთხრათ. მათ უნდა ვუთხრათ, შენი შვილი რომ გალახეს, შენ სოციალური დახმარების მოხსნა რომ გემუქრება ან სამსახურიდან გაგდება, შენ გაქვს საშუალება, რომ დიდი, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო. მთელი რეგიონი, მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ ფეხდაფეხ და ვუთხრათ, რომ შენ ერთ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე არ ვამბობ, რომ ლელო გავარდება და მარტო შევა. კიდევ ვიმეორებ, მარტო გასვლა სიგიჟეა. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში”. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
