სავარაუდოდ, იგივე მიზანი ექნებოდა, რაც კვიპროსის შეხვედრებს. იმდენი ილაპარაკეს კვიპროსის კლანიო, ალბათ, ლონდონში გადაწყვიტეს გადასვლა, – ასე უპასუხა “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ლონდონში დავით კეზერაშვილთან გიორგი ვაშაძის, პეტრე ცისკარიშვილისა და გიორგი ჩალაძის ჩასვლა.
როგორც ის განმარტავს, აღნიშნული შეხვედრა “ნაცების” გაძლიერებას ემსახურება მიზნად.
“ხაბეიშვილი შიდა ბრძოლებითაა დაკავებული სავარაუდოდ, მოგეხსნებათ, პარტიაში ბევრია ახლა “სახმალაო”, “ნაცებში” წესრიგია დასამყარებელი, “ნაცების” წარმომადგენელი არ ვარ, ამიტომ დეტალები არ ვიცი,” – განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, იძლევა თუ არა დავით კეზერაშვილი ინსტრუქციებს, ხვიჩია ასე პასუხობს:
“ეს ზოგადად არც იქნებოდა გასაკვირი, ვინც ფულს იხდის, თან ბრძნულ რჩევებსაც იძლეოდეს… არ მგონია, დაიშალონ. აქამდე ვამბობდით, რომ კარგი იქნებოდა, “ნაცმოძრაობა” დაიშალოსო, ახლა ისეთი პერიოდი დაიწყო, დაშლა ლოგიკურად არ ჩანს. ამიტომ, ჩვენც ინტერესით ვაკვირდებით ამ ამბავს, მეც ვადევნებ თვალს, რომ სხვადასხვა რაიონში ხაბეიშვილის მუშაობით მაინცდამაინც აღფრთოვანებულები არ არიან, მაგრამ რამდენად მოხდება საბოლოო ჯამში მელიას ცალკე გამოყოფა და ამ ხალხის “ნაცმოძრაობის” გარეთ გადინება, ვნახოთ, მე ჯერჯერობით არ მაქვს ასეთი მოლოდინი,”-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.