ხაბეიშვილი ივანიშვილს: თუ არ გეშინია და მუხლები არ გიკანკალებს, სააკაშვილი გაათავისუფლე

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა პრეზიდენტ სააკაშვილზე კიდევ ერთი დასკვნა დაწერა, სადაც შავით თეთრზე ამბობენ, რომ ს მიმართ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა […] მინდა, რუს ოლიგარქს, შეშინებულ და სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს მივმართო, რომელიც ამბობს, რომ მაგარია, ძლიერია და ხალხის მხარდაჭერა აქვს. თუ არ გეშინია და მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელზეც სრულიად ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პოლიტიკური პატიმარია და შესაძლებლობა მიეცი, თავის ხალხს ელაპარაკოს.
თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ევროპის საბჭოს წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის პრევენციის კომიტეტმა (CPT) ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის პალატაში CCTV კამერების განთავსებით მისი პირადი სივრცე დაირღვა და მის ადამიანურ ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც CPT წერს, კამერები განთავსებულია სააკაშვილის პალატის ყველა ოთახში, გარდა აბაზანისა და საპირფარეშოსი, მათ შორის, საძინებელ ოთახშიც.