„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ცანავას თაღლითობის ბრალდებით დაკავების ფაქტს და წერს, რომ ლაშა ცანავას, როგორც მის უახლოეს მეგობარსა და მისი სიცოცხლის დამცველს, პროვოკაცია მოუწყვეს:
„წესიერი კაცია, მშრომელი – ოჯახი და შვილები, რომ გამოეკვება დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან… დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ, ლაშა “სუსის” აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს.
საზოგადოება კარგად ხედავს ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას – შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები ძალიან შემცდარა!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
30 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ თაღლითობის ბრალდებით დააკავეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა.
სუს-ის განცხადებით, ბრალდებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულს „მოტყუებით დაეუფლა“.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. ამ თანხის ნაწილი 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის მოქალაქემ მის ანგარიშზე ჩარიცხა.
„ამის შემდგომ ლ.ც. [განცხადებაში დაკავებული ინიციალებითაა მოხსენიებული რ.თ.] მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისს და 12 ივნისს ქალაქ თბილისში ლ. ც-სთან შეხვედრებისას მას დამატებით 2 500 ამერიკული დოლარი გადასცა“.
სუს-ის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულებები.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ცანავასა და კიდევ 7 ადამიანის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დევნა გასული წლის აპრილშიც დაიწყო.
საქმე ეხებოდა 2009 წლის 15 ივნისს მომხდარ ინციდენტს. კერძოდ, პროკურატურის თქმით, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, შსს-ის თანამშრომლები, რომელთა შორის ლაშა ცანავაც იყო, აქციის მონაწილეებს ხელკეტისა და სხვა საშუალებებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.
