2009 წლის 15 ივნისს, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევის საქმეზე პროკურატურამ 8 პირის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწე ლაშა ცანავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ დაიწყო. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2010 წლიდან მიმდინარეობდა 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების სარჩელების განხილვა. აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობამ 2015 წელს წარადგინა დეკლარაციები და აღიარა კონვენციის შესაბამისი მუხლებით გარანტირებული უფლებების საპროცესო დარღვევები და აიღო გამოძიების ჩატარების ვალდებულება.
„საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სადაც დაახლოებით 150 პირი მონაწილეობდა, წინასწარ მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და მათ შორის ლ.ც.-მ, აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა. ასევე, შსს-ს თანამშრომლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით იმ საფუძვლით დააკავეს, თითქოს ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები კი შსს-ს იმ თანამშრომლებმა გააფორმეს, რომლებიც აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებაში პირადად არ მონაწილეობდნენ“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დღეის მდგომარეობით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 8 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით) ქვეპუნქტით და 341-ე (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლით. საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა პირების მხილების მიზნით.
პროკურატურა აცხადებს, რომ დაწესებული ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა ეტაპობრივად ახდენს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ლაშა ცანავასთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.
„დღეს, 15 წლის წინანდელი აბსურდული ბრალდებით აკავებენ ლაშა ცანავას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწეს. მისი დაკავება ნამდვილად ვერ დააბრუნებს დღეს სამშობლოში ასი ათასობით იძულებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, ვერ შექმნის სამუშო ადგილებს, ვერ დაწევს ფასებს“, — განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
ბრალდებას გამოეხმაურა თავად ლაშა ცანავაც და თქვა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც წინასაარჩევნოდ გაახსენდათ.
„15 წელი გავიდა ამ ამბიდან და წინასაარჩევნოდ გაახსენდათ. 14 ტომი მაკულატურა გამომატანეს და ამ 12 წლის მანძილზე 14 ოჯახს მაინც რომ დახმარებოდნენ, კარგი იქნებოდა. თავიდან დამირეკეს ორი კვირის წინ და დამიბარეს დაკითხვაზე მოწმის სახით, მაგრამ მე უარი განვაცხადე, რადგან არ ვენდობი პროკურატურას. ვითხოვე დავეკითხე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად და შემდეგ უკვე ბრალი წამიყენეს. დღეს კი გამომძიებელმა და პროკურორმა დამიბარეს ბრალის გასაცნობად. მინდა ვთქვა ერთი რაღაც — მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ“, — განაცხადა ლაშა ცანავამ.