ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება — კომპანიის განცხადება და მაღაროელების პასუხი

ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება, ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით.
კომპანიის თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის დასკვნაა. მაღაროელები პასუხად ქალაქს მოუწოდებენ, რომ გარეთ გამოვიდეს.
„DMT GmbH & Co. KG-იმ ჭიათურის საბადოებში ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები შეისწავლა.
DMT-ის დასკვნით დასტურდება, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია, რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:
· მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
· მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
· შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
· ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია“, — ნათქვამია CMC-ის განცხადებაში.
კომპანია წერს, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა ბოლო წლის განმავლობაში უკიდურესად დამძიმდა. თუმცა ამის მიზეზად ასახელებს მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზებას, რაც პროტესტის გამო ხდებოდა, როგორც შუქრუთში, ისე ჭიათურაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ პერიოდში ხელფასებს მოძიებული სესხებით იხდიდნენ, ამ თანხამ 83 მილიონამდე ლარი შეადგინა, შედეგად კი კომპანია დიდ ზარალამდე მივიდა.
„კომპანიამ დამატებით უნდა მოიზიდოს ფულადი სახსრები, დასაქმებულთათვის კომპენსაციების გასაცემად. დეტალებთან დაკავშირებით თანამშრომლებს კომპანიისგან დამატებით ეცნობებათ“, — ასევე ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ მაღაროელები. ჭიათურაში 28 თებერვლიდან მაღაროელების პროტესტი მიმდინარეობს, რომელსაც ქალაქის მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ. ისინი ამბობენ, რომ კომპანიის ზემოთ მოყვანილი განცხადება გასაკვირი არ არის და არ უკვირთ, რომ „3500 ადამიანს ულუკმაპუროდ ტოვებენ“.
ჭიათურელი მაღაროელები 20 დღეა ხელფასს ვერ იღებენ — 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ.
ჭიათურელებს რამდენიმე მსხვილი მოთხოვნა აქვთ, რაც, მათივე თქმით, შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს:
· შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
· გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
· როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში, რომელიც ჭიათურელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება განკუთვნილი;
· ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დაინიშნოს უფასო ტრანსპორტი;
· მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
· გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.
იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. ჭიათურელი მაღაროელების ინფორმაციით, ეს ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.
მაღაროელების თქმით, CMC-ის ზემოთ მოყვანილი განცხადება, რომელიც 7 მარტს გვიან საღამოს გამოქვეყნდა, ნიშანია, რომ მეორე დღიდან მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს, კომპანიამ უნდა დატოვოს ჭიათურა და წარმოება გადაიბაროს სახელმწიფომ, ხალხთან ერთად.