პოლიციელებმა მათთვის ხელშეშლა სცადეს, თუმცა უშედეგოდ – აქციის მონაწილეებმა მოახერხეს ორი ღია კარვის გაშლა.
დღეს საღამოს აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს ოთხ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
დემონსტრაცია დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე ფილარმონიასთან და გაგრძელდა მიმდებარე ტერიტორიაზე, – დაახლოებით იქ, სადაც 19 ნოემბრის აქციაზე მათე დევიძე დააკავეს.
აქციის მონაწილეებმა წაიკითხეს მათე დევიძისა და 60-ზე მეტი დაპატიმრებული დემონსტრანტის სახელი, რომლებსაც სინდისის პატიმრებად მიიჩნევენ და რომელთა გათავისუფლებასაც ევროპარლამენტი ითხოვს.
აქცია გრძელდება – დღეს უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების 197-ე დღეა.
მათე დევიძე დღეს, 12 ივნისს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დამნაშავედ ცნო „პოლიციელზე თავდასხმაში“ და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დროის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან.
„მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ […]. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ. მაპატიეთ, მეგობრებო, უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა“, – თქვა მათე დევიძემ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დატოვა მანამ, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა განაჩენის გამოცხადებამდე.
„სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“, – ეს იყო ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა.
ფორუმი
