წყაროების ცნობით, თურქეთი მომდევნო 6 თვეში გეგმავს სომხეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნას – Bloomberg

ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთი მომდევნო ექვსი თვის განმავობაში განიხილავს სომხეთთან სახმელეთო საზღვარი გახსნას. ორ ქვეყანას შორის საზღვარი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩაკეტილია.
გამოცემა ამ ინფორმაციის წყაროდ ასახელებს „ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხს იცნობენ“ – თუმცა მათს პოზიციებსა და ვინაობას არ წერს.
Bloomberg-ის წყაროების ცნობითვე, თურქეთი განიხილავს სომხეთში ელჩის დანიშვნასა და ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებენ, – რის ხელმოწერასაც, ამავე წყაროების თანახმად, ანკარა მომავალი, 2026 წლის წლის პირველ ნახევარში ვარაუდობს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ თურქეთი სომხეთთან საზღვარს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფინალიზაციის გარეშე არ აღადგენს.
„თუ ახლა ურთიერთობებს ნორმალიზებას მოვახდენთ, სომხეთს სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის უმთავრეს მიზეზს წავართმევთ“, – თქვა ფიდანმა.
თურქეთის და სომხეთის ელჩებმა გასულ შაბათს ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაათვალიერეს; მათ ასევე მოინახულეს სომხეთის სასაზღვრო ქალაქი გიუმრი, სადაც ისაუბრეს ყარსი-გიუმრის რკინიგზის აღდგენის გეგმებზე, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
წყაროების ცნობით, ლიანდაგების შეცვლას შესაძლოა ხუთი თვე დასჭირდეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმითვე, თურქეთი აშენებს ახალ გზებს ამ ტერიტორიაზე სასაზღვრო პატრულირებისთვის.
· 1991 წელს, სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
· თუმცა, 1993 წელს, ყარაბაღის პირველი ომისას, ანკარამ ერევანთან ურთიერთობები გაწყვიტა. მას შემდეგ ქვეყნებს არ ჰქონიათ დიპლომატიური და კომერციული კავშირები.
· ყარაბაღის მეორე ომის (2020 წელს) დასრულების შემდეგ, 2021 წელს, ანკარამ და ერევანმა სპეციალური წარმომადგენლები დანიშნეს ურთიერთობათა ნორმალიზაციისათვის.
· 2025 წლის 8 აგვისტოს -ის პრეზიდენტ ს ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა სამმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).