წყალტუბოს სანატორიუმ „მეტალურგში“ სასტუმრო Golden tulip-ის მფლობელები 2029 წლამდე მინიმუმ 6.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებენ

წყალტუბოს სანატორიუმ „მეტალურგში“ სასტუმრო Golden tulip-ის მფლობელებმა 2029 წლის სექტემბრამდე მინიმუმ 6.5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 23 დეკემბრის განკარგულებიდან ირკვევა.
განკარგულების მიხედვით, სასტუმრო Golden tulip-ის მფლობელმა კომპანიამ შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალმა“ 2029 წლის 17 სექტემბრამდე წყალტუბოში, ბარათაშვილის ქუჩა 7-ში მდებარე უძრავი ქონება უნდა კეთილმოაწყოს.
ცნობისთვის, სანატორიუმი „მეტალურგი“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 07 აგვისტოს განკარგულებით, შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალს“ აქვს გადაცემული. კომპანიას საპრივატიზებო საფასური გადახდილი აქვს. აუქციონის პირობა შემდეგი იყო – შენობაში მცხოვრები დევნილების განსახლებიდან 5 წლის ვადაში, კომპანიას შენობა უნდა კეთილმოეწყო და ამ მიზნით 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. თუმცა ახალი განკარგულების მიხედვით, საპრივატიზაციო პირობები შეიცვალა და ის 2029 წლამდე გახანგრძლივდა, ინვესტიციის რაოდენობა კი 3-ჯერ გაიზარდა.
შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალი“ 2012 წლის 9 მარტს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100 % წილს შპს „გლობალ ლაიფსტაილ ელ-ტე-დე“ ფლობს, რომლის 100 % წილის მფლობელი ალექსანდრე მიქაძეა. შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალი“ სასტუმრო Golden Tulip Borjomi-ის მფლობელი კომპანიაა.