ასს გადასცდა ტეხასის წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 160-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, ჯერაც ეძებენ. ტეხასის ცენტრში წყალდიდობა 4 ივლისის ღამეს, ძლიერი წვიმის შედეგად დაიწყო. მეტეოროლოგები ამბობენ, რომ რამდენიმე საათში რამდენიმე თვის ნალექი მოვიდა და ყველაფერი წალეკა. ადიდდა მდინარე გუადალუპე, რომლის ნაპირზე ოცამდე საზაფხულო ბანაკი იყო განთავსებული. ბევრი მათგანი დაიტბორა. განსაკუთრებით დაზიანდა ქრისტიან გოგონათა ბანაკი „მისტიკა“. იქ 27 ბავშვი და კონსულტანტი დაიღუპა. ბავშვების ნაწილს ჯერაც ვერ პოულობენ. წყალდიდობის შემდეგ გაჩნდა კითხვა, რატომ განათავსეს ამდენი ბანაკი მდინარესთან ასე ახლოს. გუადალუპე პირველად არ ადიდებულა. 1987 წელს მან 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 4 ივლისს მდინარის სიმაღლემ 8 მეტრით მოიმატა. დატბორა სახლები, მინდვრები, გზები. წაიღო მანქანები, ხეები კი მოთხარა. დრონიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთი მოზრდილი სახლი წყალს შუა ქუჩაში აქვს გამოტანილი. ტეხასის შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა 6 ივლისს განაცხადა, რომ წვიმის გამო ზოგიერთ რაიონში ისევ შეიძლება წყალი მოვარდეს. ადგილობრივებს მოუწოდეს, უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის წინასწარ ევაკუაციაზე არ უფიქრია, ასეთ ძლიერ წვიმასა და შესაბამისად წყალდიდობას არავინ ელოდა. არ ჰქონდათ არც წინასწარი შეტყობინების სისტემა.