9 აგვისტოს დილით ხერსონის რეგიონში რუსული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ხერსონის რეგიონული პროკურატურის ცნობით, ჭურვი მოხვდა სარეისო ავტობუსს.
შაბათს დილით რუსეთის არმიამ ასევე ქალაქ დნეპრს შეუტია ორი „ისკანდერ-K“ რაკეტით, რომლებიც ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან გაუშვეს. სამი ადამიანი დაშავდა. თავდასხმამ საწარმოს ტერიტორია დააზიანა და ხანძარი გამოიწვია, განაცხადა ადგილობრივი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა.
გარდა ამისა 9 აგვისტოს დილით რუსეთის სამხედროებმა ბელენკოეს თემს შეუტიეს FPV-დრონის გამოყენებით. ერთი დრონი მოხვდა ავტომობილს, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ, განაცხადა ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა.
8-დან 9 აგვისტოს ღამით, მოიერიშე დრონებმა ხარკოვის რეგიონის იზიუმის რაიონში ქალაქ ბალაკლეის ცენტრს შეუტიეს. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი კარაბანოვმა განაცხადა. დარტყმები დაფიქსირდა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში, ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ასევე დაზიანებულია ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსები.
უკრაინის საჰაერო ძალები იუწყებიან, რომ 8-დან 9 აგვისტოს ღამით უკრაინას საერთო ჯამში თავს დაესხნენ 47 რუსული „შაჰედის“ ტიპის მოიერიშე დრონი და მათი იმიტატორები, ასევე ორი ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერ-K“. 31 რუსული დრონის დარტყმები დაფიქსირდა 15 ადგილას.
ფორუმი
