წულუკიანი იოსელიანს: ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია? ისევ ლომჯარიას კადრებთან ერთად მუშაობთ?

რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში, დღევანდელ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა? – ასე მიმართა თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
“მაინტერესებს ისევ იმ კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ, იუსტიციის მინისტრი როცა ვიყავი და ლომჯარიას ზოგიერთი თანამშრომელი სპეციალიზდებოდა ე.წ. პრაგონში. ანუ შედიოდნენ ერთ ციხეში, ვითომ უფლებებს ამოწმებდნენ, მონიტორინგზე შედიოდნენ, გამოჰქონდათ ამბავი, დანაბარები, მიდიოდნენ სხვა ციხეში, სხვა საკანში, ვისთანაც დააბარეს გზავნილი და ამ ფორმით, „პრაგონის“ ფორმით მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროსა და კრიმინალური სამყაროს საქმიანობაში. მაინტერესებს ისევ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობთ? ეს რომ ვთქვი ლომჯარიას აქ მობრძანების დროს, აპარატის მაშინდელმა თანამშრომელმა სასამართლოში მიჩივლა, ვერაფერი დათუნია კანფეტი ვერ დაიჭირა, მაგრამ ხომ მიჩივლა? თავხედებისგან იყო ეს აპარატი შემდგარი. მაინტერესებს ისევ ამ ხალხთან ერთად მუშაობთ? ჩაატარეთ რეორგანიზაცია თუ არა? თუ ჩაატარეთ, მაშინ რატომ ვერ ხედავთ მარიამ ლაშხის შვილებს, რატომ ვერ დაინახეთ, რომ ლაითურის ციხე აშენდა? რატომ ვერ გვხედავთ ჩვენ? ან გვითხარით, რომ არ ხართ ჩვენ ომბუდსმენი. ჩვენს უფლებებს როდისმე იცავთ? დაჭრილი პოლიციელი რატომ არ ახსენეთ? რატომ არ ახსენეთ ის, რომ ქვეყანას ჰქონდა სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე?” – განაცხადა წულუკიანმა.
სახალხო დამცველმა თეა წულუკიანს უპასუხა და განმარტა, რომ აპარატში დასაქმებულების ბედი არ გადაწყდება იმით, ვისი პერიოდში დაიწყეს მუშაობა.
“ვმუშაობ იმ ადამიანებთან, რომლებიც დამხვდნენ სახალხო დამცველის აპარატში. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბატონი სოზარის დროინდელი, შემდეგ არის სხვა სახალხო დამცველების დროს მისული ადამიანები. ადამიანები თუ თავიანთ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებენ, არ ვფიქრობ, რომ იმის მიხედვით უნდა განვსაჯო მათი მომავალი, თუ ვის პერიოდში არის მოყვანილი და ვინ იყო იმ სახალხო დამცველი და ეს უნდა გახდეს რეორგანიზაციის საფუძველი”, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.