წულუკიანი აპირებს სასამართლოში უჩივლოს ყველას, ვინც საჯაროდ გააკრიტიკებს გელათის გამო

კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ არ იცის, რა ვითარებაა ამ ეტაპზე გელათის ტაძარში. ის გელათზე პასუხისმგებლობას იხსნის იმ დროიდან, როცა მისი რეაბილიტაცია საპატრიარქოს გადაეცა.
“ბევრს საუბრობენ გელათზე. სამწუხაროდ, მე ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ. ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ ჩვენ აღარ ვიმუშაოთ გელათში. ამიტომ, 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია ინსტიტუციურად, იქ რა ხორციელდება. ჩვენ როგორც გვითხრეს, იუნესკო აპირებს წელს ვიზიტს გელათში და მათი დასკვნის შემდეგ გვეცოდინება, იქ რა ხდება. მე მაქვს რწმენა იმის, რომ იქ ყველაფერი არის კარგად და იქნება საუკეთესოდ.
მე პასუხს ვაგებ 2021 წლის მაისიდან 2022 წლის 3 ოქტომბრამდე.
2022 წლის და 2023 წლის ზამთარი როგორ გაიარა ძეგლმა, ჩვენ არ ვიცით. არ ვიცით ნიშნავს, “არ ვიცით” – ეს არც კარგს ნიშნავს, არც ცუდს ნიშნავს. ეს ნიშნავს უბრალოდ, რომ არ ვიცი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ მისვამენ კითხვას და როდესაც ვიცი, ვამბობ ვიცი და ვაგებ პასუხს თავით, სისხლით და როდესაც არ ვიცი, არ ვიცი”, – თქვა თეა წულუკიანმა პარლამენტში. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს იმ პერიოდის დოკუმენტაცია, როცა სამინისტრომ გელათი საპატრიარქოს გადააბარა რეაბილიტაციისთვის.
“წლების შემდეგ ეს მასალა შეიძლება შედარდეს იმ ვითარებას, რა ვითარებაც იქნება ძეგლზე და მერე უკვე ორი ყური ასწიას პრინციპით, ბაჭიას შეეძლება გამოიცნოს, ვინ რა გააკეთა და ვინ რა ვერ გააკეთა”, – თქვა თეა წულუკიანმა. მან გაიხსენა ისიც, რომ გელათის პროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს იყო პრობლემური და ისტორიული ეკლესიის რეაბილიტაცია წლების განმავლობაში ხარვეზებით მიმდინარეობდა.
“წყლის დენა ჩვენ შევაჩერეთ და შრობის პროცესიც იუნესკოს რჩევის შედეგად გავაძლიერეთ.
მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებს: ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაშავებთ, ყველა ასეთი განცხადება დასრულდება სასამართლოში. ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ”, – ასე დაამთავრა თეა წულუკიანმა თავისი გამოსვლა მინისტრობის კანდიდატის სტატუსით საკომიტეტო მოსმენაზე.
გელათის კომპლექსის რეაბილიტაცია საპატრიარქომ 2023 წლის 24 თებერვალს გადაიბარა. მაშინ ითქვა, რომ ეს კულტურის სამინისტროს ინიციატივა იყო.
ს შეთავაზებას საპატრიარქოს მიმართ წინ უძღოდა არაერთი კრიტიკული დასკვნა გელათში ჩატარებულ სამუშაოებზე და ეკლესიის მკვეთრი განცხადება, რომ იქ მდგომარეობა კრიტიკულია.
მინისტრთა კაბინეტის წევრების ხელახლა დამტკიცების საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა. ახალი პრემიერისა და მისი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე, პარლამენტმა უნდა მოისმინოს სამთავრობო პროგრამა და მინისტრობის კანდიდატების ხედვები.

ასევე დაგაინტერესებთ