“წულუკიანის ხელმძღვანელობით გელათში ჩატარებული სამუშაოები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს” – SJC პროკურატურას მიმართავს

ს მინისტრობის პერიოდში და მისი ხელმძღვანელობით გელათის ტაძრის რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, სავარაუდო, სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამ დასკვნამდე სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის საექსპერტო დოკუმენტების ანალიზის შედეგად მივიდა.
დოკუმენტებში, რომელიც ორგანიზაციამ შეისწავლა ასახულია გელათში ჩატარებული სამუშაოები 2021-2022 წლებში, ანუ მაშინ, როცა გელათის რეაბილიტაციას კულტურის სამინისტრო ხელმძღვანელობდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სამინისტრომ არათუ ვერ უზრუნველყო ძეგლის ეფექტური მოვლა, არამედ ძეგლზე დამატებითი ზიანი გამოიწვია.
ორგანიზაცია და პროფკავშირი შესაძლო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. ისინი უწყებას მოუწოდებენ გამოძიება დროულად დაიწყოს აწარმოოს ობიექტურად. ასევე, უზრუნველყფს საზოგადოების ინფორმირება იმ დოზით, რაც არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.
“მინისტრის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა 2021 წლის ოქტომბერში ჯერ კიდევ გამოუმშრალ, სველ ბათქაშზე განახორციელეს არა მხოლოდ საკონსერვაციო, არამედ სარესტავრაციო სამუშაოებიც, რამაც მოგვიანებით კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც დადასტურდა სპეციალისტების დასკვნებით […] ტაძრის მოხატულობების ისედაც კრიტიკული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა შესაბამისად, ალტერნატიული საექსპერტო დასკვნები მიუთითებდა ძეგლის დაზიანების შესაძლებლობაზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული პასუხისმგებელი პირის მიერ, რისი გათვალისწინებაც მინისტრს ევალებოდა და შეეძლო კიდეც”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ მინისტრი ინფორმირებული იყო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე, თუმცა შერჩეული მეთოდოლოგიით ძეგლის “რეაბილიტაციას” მაინც აგრძელებდა. გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს არ ჰქონდა გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი კი გაუმჭვირვალე და ცენტრალიზებული იყო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში ხსნიან, რატომ შეიძლება დაეშვა წულუკიანს გელათის დაზიანება. ორგანიზაციის შეფასებით, გელათის სწრაფი რეაბილიტაციით მას პოლიტიკური ქულების დაწერა სჭირდებოდა.
“2020 წელს წულუკიანის მიერ სწორედ გელათში მიმდინარე რეაბილიტაციის მიმართ პარლამენტში გაკეთებული კრიტიკული შეფასებები უძღოდა წინ მის მინისტრად დანიშვნას. ამ დროისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის თემად უკვე ქცეულიყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ წულუკიანი ალტერნატიულ დასკვნებს გაიზიარებდა, იგი ძეგლის გამოშრობას მინიმუმ 3-5 წელი უნდა დალოდებოდა, რა შემთხვევაშიც კულტურის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური თემის – გელათის რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციის საკითხი დროში გაჭიანურდებოდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 2020 წელს გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მიერ ძეგლის დაზიანებისა და თანხების შესაძლო მითვისების საფუძვლით დაიწყო. თუმცა, გენერალური პროკურატურა ამ დრომდე არ აწარმოებს გამოძიებას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულზე.
5 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ რომ სასამართლოში უჩივლებს ყველას, ვინც იტყვის, რომ “ამჟამად რაღაცას აფუჭებს” გელათში.
წულუკიანის პოზიცია უფრო ვრცლად, წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე:
· წულუკიანი ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც იტყვის, რომ სამინისტრო გელათში “რაღაცას აფუჭებს”