დღეს, 2 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილეს.
დასკვნა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა წარადგინა.
თეა წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული „არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო“.
წულუკიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი მმართველობის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი და ტერორი წარმოადგენდა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტის სხვადასხვა სქემა ჰქონდა შემუშავებული.
„სქემებში მონაწილეობდა არაერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, დავალებას ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის გვერდის ავლითაც იღებდა და ასრულებდა. სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი სტრუქტურები სამართავად დანაწილებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც, ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობისა და ერთმანეთის ხელშეწყობის შედეგად, სახელმწიფო რესურსის გამოყენებითა და ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის, უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის საქმის უსაფუძვლოდ აღძვრით და სხვ., ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვა კერძო მესაკუთრეებს აიძულებდნენ, უძრავი ან მოძრავი ქონება დაეთმოთ.
ამასთან, გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულებისას, მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოცემული საკითხი განმახორციელებელი პირის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა თუ არა.
დადასტურდა, რომ არსებობდა დასატერორებელ ბიზნესმენთა ე.წ. შავი სია და ბიზნესის რეკეტი პირადი ან პოლიტიკური შურისძიებისთვისაც გამოიყენებოდა.
ბიზნესისა და სხვა კერძო პირებისთვის ძალისმიერი ან სხვა უკანონო მეთოდებით წართმეული ქონება ან სახელმწიფოს საკუთრებაში მიიქცეოდა ან გამოიყენებოდა პარტიული მიზნებისათვის ან კიდევ ხმარდებოდა მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების ოჯახების ან მათთან დაკავშირებული პირების კომერციულ მიზნებსა და პირად კეთილდღეობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამ კონტექსტში წულუკიანმა ისაუბრა ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების ქონებებზე. მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო ქონება სააკაშვილის და მისი გარემოცვის წყალობით, გიული ალასანიამ ხელში ჩაიგდო.
„ასევე, შევისწავლეთ აგრარული უნივერსიტეტის საქმე, სადაც გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი“ ლიდერი, კაცი, რომელიც ყველაფერს ყიდდა სინდისის გარდა, ბატონი ბენდუქიძე, აღმოჩნდა აურაცხელი, დიდი ქონების პატრონი, რომელიც თავის დროზე, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა…
საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა არაერთი საქმე, და გამოიკვეთა რომ აუქციონზე გამოიტანდნენ დიდძალ სახელმწიფო ქონებას, საკუთარი ოჯახების მიერ ხელში ჩაგდების მიზნით, როდესაც ოჯახის წევრი იყო აუქციონში მონაწილე ერთადერთი კონკურენტი საკუთარ თავთან, შემდეგ რა თქმა უნდა, გამარჯვებული პირი ვალდებული იყო გადაეხადა ის თანხა, რომელიც აუქციონის შედეგად ეკისრებოდა. გიული ალასანიას შემთხვევაშიც ასე მოხდა. აღმოჩნდა რომ, მათ შორის გიული ალასანიასთვის ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების შესყიდვის და სხვა ქონებების ხელში ჩაგდების დროს შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურები ატერორებდნენ ბიზნესმენებს, რომ ქალბატონისთვის თანხები დაეფარათ…
ნათლად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეწყობილ ბიზნესის რეკეტის სქემაში კერძო ბანკი „თიბისი“, მისი ხელმძღვანელები , მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბანკის ზოგიერთი სხვა თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ის, რომ ეს იყო ცალკე სქემა, ესეც იყო ახსნილი ჩვენს დასკვნაში“- განაცხადა წულუკიანმა.
