წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მას ბრალი წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აქვს წარდგენილი, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მანამდე, აღკვეთის ღონისძიების სახით, ხაზარაძეს სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.
სხდომის დაწყებამდე მ მედიასთან აღნიშნა, რომ წულუკიანის საგამოძიებო კომისიას ხელისუფლება ოპოზიციონერი ლიდერების დევნისთვის იყენებს.
სხდომა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა და მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლე ლევან გელოვანმა დასაშვებად ცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მაგრამ მან არ დააკმაყოფილა რამდენიმე შუამდგომლობა, რაც მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ დააყენა.
თავდაპირველად დაცვის მხარემ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ, ადვოკატმა ითხოვა, რომ აღნიშნულ საქმეში გამოეკითხათ ოპოზიციის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ც და კომისიის სხვა წევრებიც, რაზეც მოსამართლემ ასევე უარი თქვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, დაცვის მხარემ მოსამართლის აცილებაც მოითხოვა. აღნიშნული შუამდგომლობაც არ დაკმაყოფილდა და მეტიც, ამას გარკვეული ხმაურიც მოჰყვა სხდომათა დარბაზში.
“გითხარით, გადმოგცემთ დასაბუთებულ განჩინებას და ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით. ხმამაღლა საუბრობთ, რა გვარი ბრძანდებით, სამუშია? მე გელოვანი ვარ, განაგრძეთ”, – ასე მიმართა მოსამართლემ ადვოკატს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღევანდელი სხდომის შემდეგ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
“რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც სასამართლოზე დადის და პროკურორებისა თუ მოსამართლეების კითხვებს პასუხობს?“, – აღნიშნა ხაზარაძემ მედიასთან სხდომის დასრულების შემდეგ და განაცხადა, რომ მას კვლავ სურს, გამოკითხვაზე წულუკიანის და სხვა კომისიის წევრების ხილვა.
„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სხდომაზე 25 მარტს დაიბარა, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის (ჯემალ ლეონიძე, შპს „მაგნატი“) განხილვა იგეგმებოდა.
არცერთი მათგანი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა, რის გამოც ორივეს 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახით.
სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.