დღეს, 20 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. მას, ისევე როგორც სხვა ოპოზიციონერებს, ბრალი წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აქვს წარდგენილი, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებით, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. მსჯელობის შემდეგ, გელოვანმა 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა და სათათბიროდ გავიდა. თუმცა, გადაწყვეტილება 1 საათზე მეტი ხნის შემდეგ გამოაცხადა.
ლევან გელოვანი იყო მამუკა ხაზარაძის საქმის მოსამართლეც, რომელსაც ასევე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან.
ნიკა გვარამია პროცესზე, ადვოკატებთან ერთად, საკუთარ თავს იცავდა და სწორედ მან წამოაყენა შუამდგომლობა, საქმე არ გადასულიყო არსებითი განხილვის ეტაპზე და შეწყვეტილიყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. ამისთვის გვარამიამ და მისმა ადვოკატებმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა და ქეთევან ჩომახაშვილმა რამდენიმე საფუძველი წარმოადგინეს:
· პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მუხლი ადმინისტრაციულ კოდექსშიც ზუსტად იმავე ფორმით არსებობს, როგორც სისხლის სამართლის კოდექსში.ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოს კონსტიტუციური პრინციპია, რომ თუ გარკვეული ქმედებისთვის ადამიანის დასჯას კანონმდებლობის რამდენიმე მუხლი ითვალისწინებს, უპირატესობა ხარისხობრივად უფრო მსუბუქ რეგულაციას ენიჭება.”ჩვენ გვაქვს ორი იდენტური შინაარსის მუხლი, ორი იდენტური სათაურით, წარდგენილი ორი იდენტური ქმედებისთვის. წერტილ-მძიმიანად იდენტურია ეს მუხლები. კი ბატონო, სისხლის სამართლის მუხლი უფრო გვიან მიიღეს, მაგრამ მაინც. განსხვავდება მხოლოდ სანქციები და სამართლებრივი შედეგები”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
· გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ბრალის წარმდგენმა, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა იმსჯელა, რატომ იყო გვარამიასთვის სისხლის სამართლის 349-ე მუხლით ბრალის წარდგენა და რატომ არ იქნებოდა საკმარისი ადმინისტრაციული კოდექსის 173 (3) მუხლი.
პროკურატურის მტკიცებით, რომ პარლამენტის რეგლამენტში და დროებითი კომისიის დებულებაშიც აღნიშნულია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ამ დოკუმენტებში დაზუსტებული არ არის, სისხლის სამართლის კოდექსზეა საუბარი თუ ადმინისტრაციულზე.
ასევე, პროკურატურა ხაზს უსვამდა, რომ ორი იდენტური კანონის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა გვიან მიღებულს ენიჭება.
ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილში აღნიშნულია, რომ “თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს”.
დაცვის მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ ორ კანონს შორის რეალური წინააღმდეგობა არ არსებობს, ისინი პარალელურად არსებობენ, ამიტომ არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის მუხლი უნდა გამოიყენოს (მიუხედავად ამ კანონის მიღების დროისა).
მოსამართლემ დასძინა, რომ იმის დადგენა, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით უნდა წარდგენილიყო თუ ადმინისტრაციულით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია და არა მისი. ნიკა გვარამიამ ამაზე მას უპასუხა, რომ ახლა სწორედ მას, მოსამართლე ლევან გელოვანს აქვს ბერკეტი ხელში, გადაწყვიტოს, შეწყდება თუ არა საქმეში, თუ თლის, რომ ბრალის წარდგენისას ნორმათა კონკურენცია გათვალისწინებული არ იყო.
