პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკურ წლიურ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი „პოლიტიკურად ანგაჟირებული ევროპარლამენტარების“ დამსახურებით მოხვდა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის ინიციატივები პროვოკაციულია.
„მე მიმაჩნია, რომ ასეთი ინიციატივები პოლიტიკურად ანგაჟირებული ევროპარლამენტარების მხრიდან, ანგაჟირებულზე მეტად, საქართველოში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ მიკერძოებული და პროვოკაციულია. პირდაპირ უნდა ვთქვა, რადგან არ ვიცი, თუ ვინმე აცნობიერებს იმ გარემოებას, რა რეპუტაცია აქვს მიხელ სააკაშვილს საქართველოში, რა შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის, საქართველოში ევროპის მიმართ განწყობების თვალსაზრისით ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს და მოსაზრებებს. ალბათ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ასეთ ინიციატივებს“, — განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.
ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკურ წლიურ ანგარიშში სააკაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები „შეურაცხმყოფელია“ და დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობებს აზიანებს.
„ზოგადად, ასეთი რეზოლუციები იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს, უბრალოდ, შეურაცხმყოფელია. ჩვენ არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც ძალიან მძიმე რაღაცები იყო ჩაწერილი. შემდეგ უკვე გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული რეზოლუციების მიღება — ვიღაც იხდის თანხას, შემდეგ ეს ლობიზმით ინიღბება და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა და აზიანებს ამ ურთიერთობებს, რაც არსებობს დასავლეთთან“, — განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკურ წლიურ ანგარიშში, რომელიც 28 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოსთან დაკავშირებით ორი ცვლილება შევიდა.
ცვლილებების ავტორი დეპუტატი ანა ფოტიგაა. მათი მიღების შესახებ ფოტიგამ თავად განაცხადა.
დოკუმენტის თანახმად, ცვლილებები ეხება ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის გეგმებს, ოკუპირებულ ოჩამჩირეში პორტი ააშენოს.
66-ე პარაგრაფში, რომელიც იწონებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, დაემატა:
„[ევროპარლამენტი] იმეორებს თავის მოწოდებას, გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს იგი, რაც საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შეამცირებაში წვლილს შეიტანდა“.
· ევროპარლამენტის ანგარიშს დაემატა ცვლილებები სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებით