წლის მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება Spotlight ბრუნდება – პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

23-24 დეკემბერს თბილისში მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება – Spotlight-ი გაიმართება, რომელიც marketer.ge-ს გუნდის მიერ, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, უკვე მეათე წელია Spotlight-ი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, დაესწრონ შთამაგონებელ გამოსვლებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, მიიღონ ახალი ცოდნა, გაიზიარონ გამოცდილება და შეიძინონ ახალი კავშირები.
მათივე განმარტებით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წელს ღონისძიების მთავარი თემა „მემკვიდრეობაა“. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ დავით გოგიჩაიშვილის, ალექს ჩიქოვანის, გიორგი პოპიაშვილის, ეკა ყიფიანის, ნინო ეგაძის და სხვა სპიკერების გამოსვლები ამ თემასთან დაკავშირებით. სპიკერების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდსHYPERLINK “https://spotlight.ge/agenda/”.
„გვიხარია, რომ უკვე მრავალი წელია „სფოთლაითის“ მხარდამჭერები ვართ. ამ დროის განმავლობაში, „სფოთლაითმა“ ძალიან პატარა კომუნის შეკრებიდან ყველაზე მასშტაბურ ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებამდე გზა გაიარა და ქართული მარკეტინგის ინდუსტრიისთვის არაერთი მაგარი პროფესიონალი აღმოუჩენია, რომელიც სწორად „სფოთლაითით“ გავიცანით. ისეთი პლატფორმების აღმოჩენა, სადაც ადამიანები არ ჩერდებიან და უყვებიან ერთმანეთს, თუ როგორი უსაზღვროა შესაძლებლობები – ჩვენთვის, „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანი და ორგანულია. ათი წელი გარდამტეხი თარიღია – ეს იმის ინდიკატორია, რომ ინიციატივამ არა მხოლოდ შექმნა მდიდარი მემკვიდრეობა, არამედ მომავალშიც გააგრძელებს ზრდას, მასშტაბირებას და ინდუსტრიის ექსპერტებისთვის საინტერესო სივრცის შექმნის ხელშეწყობას,“ – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან გომშიაშვილმა.
„საქართველოს ბანკის“ განცხადებით, თუ თავიდან ღონისძიება მხოლოდ მარკეტინგზე იყო ორიენტირებული, დროთა განმავლობაში ბიზნესის, სტარტაპის, ტექნოლოგიებისა თუ ინოვაციების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკებისა და აღმოჩენების გაზიარების სივრცედ იქცა. მათივე შეფასებით, Spotlight-ი ქმნის სცენას არა მხოლოდ გამოცდილი პროფესიონალებისთვის, არამედ ახალბედა მარკეტერებისა და სტარტაპერებისთვის, რათა არა მხოლოდ აიმაღლონ მოტივაცია, არამედ ისინიც იქცნენ შთაგონებად სხვა ადამიანებისთვის.
ათი წლის განმავლობაში Spotlight-მა 300-ზე მეტ სპიკერს და ათასობით სტუმარს უმასპინძლა.