წლის ბოლოს ეკონომიკა იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტური სცენარით იყო ნავარაუდევი

საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ბოლო წლების ტენდენციის მსგავსად, არც წინასაარჩევნო პერიოდში შეფერხებულა და როგორც ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, სექტემბრის თვეში მშპ 8.3%-ით გაიზარდა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ აღებული ტემპი მომავალშიც შენარჩუნდება და 2024 წელი ორნიშნასთან მიახლოებული მაჩვენებლით ჩაიხურება.
“საქსტატის” წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8%-ით განისაზღვრა. ამ მონაცემებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის სექტემბრის პოზიტიური ტენდენცია ნათლად მიანიშნებს, რომ მიუხედავად საგარეო შოკისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.
„სექტემბერში ექსპორტი 17%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 615 მლნ დოლარს გადააჭარბა. ასევე გამოქვეყნდა ტურიზმის მესამე კვარტალის მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 560 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ზოგადად, ქვეყანაში მაკროეკონომიკური ფუნდამენტი ძლიერია, გვაქვს მაღალი მაჩვენებელი, მზარდია სავალუტო შემოდინებები”, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ და დაამატა, რომ არსებული მონაცემები იმის თქმის მყარ საფუძველს იძლევა, რომ მომავალ წლებშიც გაგრძელდება ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არსებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენცია.
ფაქტია, რომ ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა წინასარჩევნო პერიოდს არ ჰქონია და ბოლო წლების დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულია. სხვათა შორის, ეკონომიკურ ვითარებაზე უარყოფითად არც „გამჭვირვალობის კანონის” შემოღებას უმოქმედია და არც სხვა მიმართულებით შექმნილა რაიმე საფრთხე. მართალია, აღნიშნული კანონის განხილვის პარალელურად დროებითი პრობლემა წარმოიშვა, რაც ლარის კურსის გაუფასურებაში გამოიხატა, მაგრამ ეკონომიკური წინსვლა არ შეფერხებულა და თუ მიმდინარე წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იანვარში მშპ 5.8%-ით გაიზარდა, თებერვალში – 9.5%-ით, მარტში – 8.2%-ით, აპრილში – 11.8%-ით, მაისში – 9.2%-ით, ივნისში – 7.5%-ით, ივლისში – 13%-ით, აგვისტოში – 12%-ით, ხოლო სექტემბერში – 8.3%-ით.
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ვარაუდობს, რომ 2024 წლის განმავლობაში მშპ-ს ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9%-ის ფარგლებში იქნება.
„სექტემბრის მაჩვენებელი კარგი შედეგია. იანვარ-სექტემბერი რომ ავიღოთ და წინა პერიოდებს შევადაროთ, საშუალო წლიური შეწონილი მაჩვენებლის მიხედვით საკმაოდ კარგი შედეგს მივიღებთ. ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მიუხედავად, გვქონდა კარგი ეკონომიკური ზრდა. წინასარჩევნო პერიოდს, მით უმეტეს ჩვენთან ახლავს გარკვეული სახის რყევა. აქ ვგულისხმობს სავალუტო კურისის ცვლილებას და ინვესტორების ფრთხილ დამოკიდებულებას.
ყოველგვარი აურზაურისა და ზედმეტი საპროტესტო აქციების გარეშე დასრულდა, ამიტომ სამომავლოდ უნდა ველოდოთ უკეთეს მაჩვენებლებს. პოსტსაარჩევნო პერიოდში, ანუ მეოთხე კვარტალში, მოლოდინი საკმაოდ პოზიტიურია და პირადად მე ველოდებით, რომ 2024 წლის გასაშუალებული მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 8.5-9% იქნება”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
აღსაღნიშნავია, რომ ადილობრივმა თუ საერთაშირისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს მშპ-ს პროგნოზი გაზარდეს. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, პროგნოზის ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის იმაზე ეფექტური წელი იყო, ვიდრე ისინი ელოდნენ.
„8.3%-იანი ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ ნორმალური, თუმცა ბუნებრივია, რომ ჩვენ გვინდოდა ეს მაჩვენებელი ყოფილიყო უფრო მაღალი, რადგან ბოლო თვეებში შევეჩვიეთ ორნიშნასთან მიახლოებულ მაჩვენებლებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის სექტემბრის მონაცემი, როდესაც არსებობდა საარჩევნო მოლოდინი. ეკონომიკაზე გარკვეული პოლიტიკური წნეხი იყო და ყველაფერმა მოლოდინის რეჟიმში გადაინაცვლა.
ვფიქრობ, ნოემბერ-დეკემბერში უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება და არც ის არის გამორიცხული, რომ ოქტომბერიც ნორმალური თვე იყოს, არჩევნების მიუხედავად.
საერთოდ, კვლევითი ორგანიზაციები საკუთარ პროგნოზში მოზომილები არიან. ისინი თავიდან უფრო დაბალ მაჩვენებელს წერენ ხოლმე და შემდგომ აუმჯობესებენ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოლო თვეებში მათი პროგნოზი საკმაოდ გაუმჯობესდა, რაც არა 1%-იან ცდომილებაში, არამედ 3-4%-ში გამოისხა. ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციებმა კი წლიური პროგნოზი 4-5%-ითაც კი გააუმჯობესეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის იმაზე ეფექტური წელი იყო, ვიდრე ისინი ელოდნენ და ფაქტია, რომ ბევრი მიმართულება ეფექტურად ვითარდება”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
წყარო: რეზონანსი