„წლებია, სკოლის ხელმძღვანელი ვარ და ამ ტიპის დახმარება და მხარდაჭერა არ მახსოვს“ – „ნიკორა ჯგუფი“ მაღალმთიანი სოფლების სკოლების დახმარებას განაგრძობს

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვების განათლების მხარდაჭერა „ნიკორა ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. უკვე რამდენიმე წელია, ჰოლდინგი სტუმრობს სოფლებს, სადაც ახალ თაობას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლა და მდიდარი სასკოლო ლიტერატურა ჰაერივით სჭირდება. ამჯერად, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, „ნიკორა ჯგუფმა“ ოთხი სკოლა მოინახულა:
· ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურების საჯარო სკოლა;
· ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ვანის საჯარო სკოლა;
· ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლა;
· ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლა;
სკოლებს თანამედროვე კომპიუტერები და მრავალფეროვანი სასკოლო ლიტერატურა გადაეცა, ხოლო ბავშვებს – პერსონალური საჩუქრები.
„მცირეკონტინგენტიანი მაღალმთიანი სოფლების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლას პერსონალური კომპიუტერები და წიგნები გადასცეს, ბავშებს კი – პირადი საჩუქრები. ეს ჩვენთვის დიდი პატივისცემა და დაფასებაა. სკოლას ნამდვილად სჭირდებოდა ამ ტიპის დახმარება. ბავშვების დასაჩუქრების მომენტს მშობლებიც ესწრებოდნენ და ძალიან სასიამოვნო განწყობა სუფევდა. წლებია, სკოლის ხელმძღვანელი ვარ და ამ ტიპის დახმარება და მხარდაჭერა არ მახსენდება. მსგავსი აქტივობები სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის პროცესსაც შეუშლის ხელს,“ – აღნიშნავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ვანის საჯარო სკოლის დირექტორი, გიორგი რამიშვილი.
განათლების მხარდაჭერა სხვა სკოლების დირექტორებისა და მოსწავლეებისთვისაც მნიშვნელოვანია. როგორც სოფელ მელეს საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, პატარები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. „არ შემიძლია არ აღვნიშნო, რამდენად ღირსეულია ეს პროექტი. არა მხოლოდ მე, როგორც დირექტორი, არამედ თითოეული მშობელი და მოსწავლეა აღფრთოვანებული. კომპიუტერები უკვე დავდგით და სასწავლო პროცესში მათი გამოყენება აქტიურად დავიწყეთ“,- აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის დირექტორი, მაია გველედიანი.
„ბავშვებს საჩუქრები ძალიან გაუხარდათ, მშობლებიც დამიკავშირდნენ და მადლობა გადმოგვცეს. ძალიან კარგი წიგნები და კომპიუტერები მოგვიტანეს. ბავშვებმა უკვე გაინაწილეს წიგნები წასაკითხად. საჩუქრები ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება უმნიშვნელოვანესია,“ – ამბობს სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის დირექტორი, კატუშა გოგსაძე. სოფელ ზემო სურების საჯარო სკოლის დირექტორი კი დასძენს, რომ ყველაფერი სწორად, რეგიონული სკოლების მოსწავლეების საჭიროებების მიხედვით იყო შერჩეული, რაც, მისივე თქმით, აღნიშვნას საჭიროებს:
“ჩვენი სკოლისთვის, სადაც ამჟამად 22 ბავშვი სწავლობს, ამ ტიპის დახმარება უმნიშვნელოვანესია. კომპიუტერები სასწავლო პროცესის უკეთესად წარმართვაში დაგვეხმარება, წიგნებით კი სკოლის ბიბლიოთეკა შევავსეთ. ბავშვები ინდივიდუალური საჩუქრებით ძალიან გახარებულები არიან. ყველაფერი სწორად იყო შერჩეული, ჩვენი საჭიროებების შესაბამისად,“ – აღნიშნავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურების საჯარო სკოლის დირექტორი, გელა ეზიეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივის ფარგლებში, სკოლებს, ტრადიციულად, პერსონალური კომპიუტერები და სკოლის ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი საკითხავი ლიტერატურა გადაეცათ. ასევე, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, თითოეულ მოსწავლეს დაურიგდა ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები.
პროექტი 2022 წლიდან ხორციელდება და „ნიკორა ჯგუფი“ მის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებს.