„წინსწრებით დაფარვის საკომისიოს შემცირება მომხმარებელს ფინანსურ ინსტიტუტებში, უკეთესი პირობების მოძიების საშუალებას აძლევს“ – ლაშა გზირიშვილი

წინსწრებით დაფარვის საკომისიოს შემცირება მომხმარებელს საშუალებას მისცემს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში უკეთესი პირობები მოიძიოს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ცვლილების თანახმად თუ აქამდე ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში გადასვლისას სესხების წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2% იყო, ახლა 0.5% იქნება.
“მომხმარებლების უფლებების დაცვის და კონკურენციის წახალისების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ წინსწრებით დაფარვის საკომისიო შეგვემცირებინა. კონკრეტულად ეს ცვლილება ეხება ეროვნული ბანკის დაქვემდებარებულ ნებისმიერ სუბიექტს, მათ შორის, კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სესხის გამცემ ორგანიზაციებს. მთავარია, რომ ეს ცვლილება ეხება როდესაც მომხმარებელს ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში გადააქვს სესხი.
წინსწრებით დაფარვის საკომისიოს 0.5%-მდე შემცირება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს ეხებათ. თუმცა იურიდიული პირის შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება ეხება ისეთ მომხმარებელს, რომლის ვალდებულებების ჯამური მოცულობა 1 ფინანსურ ინსტიტუტში 2 მლნ. ლარის ტოლი ან ნაკლებია”, – აცხადებს ლაშა გზირიშვილი.
ცნობისთვის, კონკურენტული გარემოს გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის. მათი დაცვა ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 1 მაისიდან მოუწევთ.
ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება.